ავსტრალიის მთავრობის ოფიციალური ცნობით, ტასმანიის სანაპიროზე გამორიყულ ვეშაპთაგან უკვე დაახლოებით 380 დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ კუნძულის დასავლეთ სანაპიროს მეჩხერ წყალში პილოტი ვეშაპები პირველად 21 სექტემბერს შენიშნეს. სამაშველო ჯგუფმა ამ დროისთვის 50 ვეშაპის გადარჩენა შეძლო და ახლა კიდევ 30 ცხოველის წყლის სიღრმეში შეყვანას ცდილობს.

ტასმანიის ოფიციალური პირების განცხადებით, სამაშველო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სანამ სანაპიროზე ცოცხალი ვეშაპები იქნებიან დარჩენილები: "სანამ ისინი ცოცხლები არიან და წყალში იმყოფებიან, მათი გადარჩენის შანსიც არსებობს. თუმცა რაც დრო გადის, ისინი მით მეტად იფიტებიან", — აცხადებს ტასმანიის პარკებისა და ველური ბუნების ბიუროს წარმომადგენელი, ნიკ დეკა.

ის ურთავს, რომ მომუშავე ჯგუფი თავის ძალისხმევას უკვე სანაპიროს მკვდარი ცხოველებისგან გასუფთავებისკენაც მიმართავს. გამწმენდი ოპერაციის დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება. წინა შემთხვევებისას, მკვდარ ცხოველებს ან სანაპიროზევე მარხავდნენ, ან ისინი ზღვის სიღრმეებში შეჰყავდათ.

ფოტო: Sam Smith / ESN / AFP

ჯერ კიდევ დაუდგენელია, რამ გამოიწვია მსგავსი მასობრივი გამორიყვა, თუმცა ამ სახეობას სანაპირო წყლებში მოხვედრა ზოგადად ახასიათებს.

მიმდინარე შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია დღემდე დაფიქსირებულ გამორიყვებს შორის და მან სიდიდით უკვე გადაუსწრო ავსტრალიაში მომხდარ ყველაზე მასობრივ გამორიყვას, რომელიც 1996 წელს მოხდა და რომლის დროსაც სანაპიროზე 320 ვეშაპი აღმოჩნდა.