გერმანია, სლოვაკეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი უარს ამბობენ, ალექსნდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტად აღიარონ. დღეს, 23 სექტემბერს ლუკაშენკოს მოულოდნელი ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც ასობით ადამიანი ესწრებოდა, თუმცა მოსახლეობისთვის უცნობი იყო და არც ტელევიზიით გადაცემულა.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან კორჩოკი ამბობს, რომ ლუკაშენკოს ქვეყნის მართვის არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. მისი თქმით, ის პასუხისმგებელია ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებზე, რომელიც არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი ამბობს, რომ საიდუმლო ინაუგურაცია არჩევნების ფალსიფიკაციას კანონიერს არ ხდის. გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ნამდვილ პოლიტიკურ პროცესს შეუძლია ბელარუსი კრიზისიდან გამოიყვანოს.

ლუკაშენკოს ინაუგურაციას არალეგიტიმურს უწოდებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ურმას რეინსლაუ. მისივე თქმით, ეს დემოკრატიის ყველა პრინციპს უგულებელყოფს და ამატებს, რომ ლუკაშენკომ საკუთარი მანდატი დაკარგა.

ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ აღიარებს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანაც ნაუსედა. ამასთან, ლუკაშენკოს არალეგიტიმუტობაზე ისაუბრა მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა.

ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები ალექსანდრ ლუკაშენკოს კვლავ გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ და არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ. ასევე, ევროკავშირს მოუწოდეს, რომ ლუკაშენკოს ეკონომიკური სანქციები დაეკისროს.