ახალ ფილმში შესრულებული როლებით კოლინ ფერტი და სტენლი ტუჩი, როგორც ჩანს, მომავალი ოსკარის ფინალისტებს შორის საპატიო ადგილის დაკავებას გეგმავენ.

ამაში ნებისმიერი მაყურებელი მარტივად დარწმუნდება, თუ მათი საერთო ახალი ფილმის — Supernova ტრეილერს ნახავს, რომელიც საშუალო ასაკის წყვილის რთულ, ემოციურ და მოულოდნელობებით სავსე ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

ფერტი და ტუჩი ოცწლიან ურთიერთობაში მყოფ სემსა და ტასკერს განასახიერებენ, რომლებიც ინგლისში მოგზაურობენ და ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს ხვდებიან, რათა ყველა ის მოგონება აღიდგინონ, რაც მათ აკავშირებთ. მათ ამ რომანტიკულ მოგზაურობას ტრაგიკული მიზეზი ამოძრავებს: ტასკერს დემენციის ნაადრევი დიაგნოზი დაუდგინდა, რომელიც მარტივად და სწრაფად პროგრესირდება.

კოლინ ფერტმა ოსკარი, ოქროს გლობუსი და BAFTA მოიგო 2011 წელს ფილმში The King’s Speech შესრულებული როლით, სტენლი ტუჩი კი ოსკარზე იყო ნომინირებული ფილმით The Lovely Bones. როგორც კინოკრიტიკოსები ამბობენ, რომელთაც უკვე იხილეს ფილმი, ორივე მსახიობს დიდი შანსი აქვს, რომ მომავალ დაჯილდოებაზეც ფინალისტებს შორის მოხვდნენ.

Supernova ახალგაზრდა რეჟისორმა ჰარი მაკქუინმა გადაიღო, ფილმის პროდიუსერები კი ემილი მორგანი და ჯონ გოლაიერი არიან, რომელთაც აქამდე ისეთ კინოსურათებზე უმუშავიათ, როგორებიცაა I Am Not a Witch, 45 Years და Weekend.

ჯერჯერობით უცნობია ფილმის პრემიერის ზუსტი თარიღი, თუმცა ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, როცა მაყურებელი შეძლებს მის ხილვას, კინოსეანსი ცრემლების გარეშე ნამდვილად არ ჩაივლის.

ფოტო: The Bureau Sales