პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, რამიშვილის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სატელიტის ფოტოები მტკიცებულებაა. გუმბერიძის თქმით, რამიშვილი არ არის ჟურნალისტი, ის არის ადვოკატი და შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი მასალა მისივე მოთხოვნით დაერთო საქმეს.

"დღევანდელი დაკითხვა დავით ფურცხვანიძესთან მიმართებით მის მიერ წარმოდგენილ სურათებს შეეხება, ხოლო მიხეილ რამიშვილთან მიმართებით იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც აღმოჩნდა მის მობილურ ტელეფონში. მიხეილ რამიშვილმა წარმოგვიდგინა ფოტოსურათები, მოითხოვა ამ ფოტოსურათების საქმეზე დართვა როგორც მტკიცებულება. მოგეხსენებათ, რომ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი გახლავთ, სხვა მოცემულობას ჩვენ ვერ მივიღებთ, ის არ გახლავთ ჟურნალისტი, ან მედიის წარმომადგენელი", — განაცხადა დავით გუმბერიძემ.

გუმბერიძის განცხადებით, თუ რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდება, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მიხეილ რამიშვილმა 22 სექტემბრს TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ სატელიტის ფოტოები გამოძიებას წარუდგინა არა როგორც მტკიცებულება, არამედ როგორც გამოძიებაში დამხმარე მასალა. სწორედ ამის საპირწონეა პროკურორ გუმბერიძის 23 სექტემბრის განცხადება, რომლის თანახმადაც, მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ოჯახის ინეტერსების დამცველია. შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი მასალა განხილული იქნება, როგორც მტკიცებულება.