გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, არჩევნებში მეორე ტური მასსა და ქართული ოცნების კანდიდატ გია ვოლსკის შორის იქნება, ხოლო ანა დოლიძის მეორე ტურში გასვლას გამორიცხავს.

"ანა დოლიძეს არც პარტია აქვს, ცოტა ხნის წინ გამოჩენილი ადამიანი, რომელმაც უცებ გადაწყვიტა მაჟორიტარობა დიდუბეში, პარლამენტში შევა და რა უნდა გააკეთოს, თვითონაც არ იცის", — განაცხადა ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მისი თქმით, ანა დოლიძე პოპულისტური თემებით აპირებს ხმების მოპოვებას, თვითონ კი ნამდვილად პოლიტიკას აკეთებს.

"ჩვეულებრივ სტანდარტულ პოპულისტურ თემებს აჯდება და მაგით აპირებს ხმების მოპოვებას, რომ რაღაცა აზარტული თამაშები უნდა აიკრძალოს და მსგავს რაღაცებს, რაც იცის, რომ პრობლემატური თემაა, მოსახლეობას აწუხებს და, უბრალოდ, ამ თემებზე ხმამაღლა ლაპარაკობს და მეტი არაფერი. ეგ არ არის პოლიტიკა, ჩემი აზრით", — განაცხადა გირჩის ლიდერმა.

ზურაბ ჯაფარიძის აზრითვე, ანა დოლიძე ვერ გაიმარჯვებს დიდუბის ოლქში და რადგანაც პარტია არ აქვს, ვერც პარლამენტში შევა, ამის შემდეგ კი ქართული პოლიტიკური სივრციდან გაქრება.