ხანდახან დედამიწასთან ახლოს მოსულ ასტეროიდებს ჩვენი პლანეტის გრავიტაცია გამოიჭერს ხოლმე და მათ ორბიტაზე აკავებს. ეს ქვები ჩვენთან მხოლოდ ცოტა ხნით რჩებიან — დროთა განმავლობაში ისინი გაქცევას და მოგზაურობის გაგრძელებას ახერხებენ. თუმცა სანამ ჩვენთან არიან, მათ მინიმთვარეებს ვუწოდებთ.

ახლახან ასტრონომებმა ობიექტი შენიშნეს, რომელიც დიდი ალბათობით ჩვენი შემდეგი მინიმთვარე გახდება, თუმცა იგი ასტეროიდი არაა. მეცნიერების თქმით, ეს ადამიანის მიერ შექმნილი ტექნოლოგიაა, რომელიც კოსმოსში გატარებული ძალიან ბევრი წლის შემდეგ სახლში ბრუნდება.

ასტრონომებს აქამდე ორი მინიმთვარე ჰქონდათ აღრიცხული: ერთი 2006 RH120-ია, რომელიც ორბიტაზე 2006 წლიდან 2007 წლამდე იმყოფებოდა. მეორე 2020 CD3-ია, რომელიც დიდი ალბათობით 2020 წლის მაისში გაუჩინარდა. კიდევ ერთი, 2020 SO კი 2020 წლის ოქტომბერში მოვა ჩვენთან და ორბიტას 2021 წლის მაისში დატოვებს.

2020 SO ჩვეულებრივი ასტეროიდი არ არის, მისი სიჩქარე გამორჩეულად დაბალია — იგი იმაზე ნელა მოძრაობს, ვიდრე ტიპური ასტეროიდი: მათი მოგზაურობის საშუალო სიჩქარე 18 კმ/წმ-ია. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ასტეროიდის ორბიტალური გზა დედამიწისას ძალიან ჰგავს და თითქმის ერთი დედამიწური წელი გრძელდება.

NASA-ს მიხედვით, ობიექტი ძალიან ჰგავს Surveyor 2 მისიის დროს გამოყენებული რაკეტის ერთ-ერთ ნაწილს, რომელიც მთვარეზე დაეშვა. მაშინდელი რაკეტების ნაწილები გამოიყოფოდა ხოლმე. შესაბამისად, თუკი ეს საკმარის სიმაღლეზე მოხდებოდა, ნაწილი კოსმოსში დარჩებოდა.

როდესაც 2020 SO დეკემბერში დედამიწასთან ყველაზე ახლოს მოვა, იგი ჩვენგან დაახლოებით 50 ათასი კილომეტრით იქნება დაშორებული.

მეცნიერებისთვის საინტერესოა იმის გაგება, თუ რა მოსდის რაკეტას კოსმოსში გატარებული ნახევარი საუკუნის განმავლობაში. 2020 SO საკმარისად ახლოს არ მოვა, რათა ჩვენს ატმოსფეროში ჩამოვარდეს, ამიტომ მათ იმედი აქვთ, რომ დაკვირვებებს მინიმთვარის ჩვენს ორბიტაზე ყოფნისას განახორციელებენ.

სპექტროსკოპიამ, შესაძლოა, გამოამჟღავნოს, თუ როგორია რაკეტის ზედაპირი ახლა. კოსმოსში ყოფნის დროს მას ძალიან ბევრი მიკრომეტეორიტები დაეჯახებოდა, რაც რატეკის ამჟამინდელ სახეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.