სამოქალაქო აქტივისტები გიორგი რურუას შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რის შემდეგაც პრეზიდენტს მიმართავენ.

"დღეს ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და გვინდა მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს გიორგი რურუა, კიდევ ერთხელ შეასრულოს დადებითი როლი ამ შეთანხმების შესრულებაში და გამოიყენოს კონსტიტუციით მიცემული შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩვენ მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს, შემოუერთდნენ ჩვენს ხელმოწერებს და გახადონ უფრო მასშტაბური და მრავალრიცხოვანი ჩვენი მოთხოვნა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ჩვენ ამ ხელმოწერებს 2-3 კვირის შემდეგ გადავცემთ პრეზიდენტს", — განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.

მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა. რურუა ერთ-ერთია იმათგან, ვის გათავისუფლებასაც ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა. უწყება მას იარაღის უკანონო ტარებას ედავებოდა, მისი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამტკიცებს, რომ რურუა თავად არის დანაშაულის მსხვერპლი და იარაღი ჩაუდეს.

მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის განცხადებით, ბრალს დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და ხელის კვლევების ნიმუშის აღების თაობაზე. მიმდინარე წლის 15 იანვარს კი გამომძიებელმა განაცხადა, რომ რურუასგან დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით აიღეს. იგი ორივე მუხლით დამნაშავედ სცნეს.