დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში Ford-ის მარკის 300 ერთებული მიკროავტობუსი ეტაპობრივად შემოვა, რითაც არსებული ყვითელი მიკროავტობუსები ჩანაცვლდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"15 ივლისს გამოცხადებული იყო ტენდერი შესყიდვებთან დაკავშირებით, რომ რაღაც ნაწილი მიკროავტობუსების, საუბარია 300 ერთეულზე, შეგვესყიდა, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ამ მიმართულებით ტენდერი დასრულებულია, 18 სექტემბერს მოხდა ხელშეკრულების გაფორმება და გვყავს გამარჯვებული კომპანია და Ford-ის მარკის 300 ერთეული ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში. 180 კალენდარული დღის განმავლობაში ისინი სრულად შემოვა", — განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ 2019 წელს ამ რეფორმის მაგალითის სახით წარმოადგინა ლურჯი ფერის მიკროავტობუსი, რომლის მსგავსიც, მისი თქმით, შესაძლოა, საქართველოში აწარმოონ. კალაძე ამბობდა, რომ მიკროავტობუსს ერქმევა "ელვა" და ჯამში 30 მილიონის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება.