რუსმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს დააკავეს სერგეი ტოროპი, რომელიც გასული სამი ათწლეულის განმავლობაში ციმბირში რელიგიურ კულტს წინამძღოლობდა და თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებს.

სპეცოპერაციაში ჩართული ვერტმფრენებითა და შეიარაღებული ძალის საშუალებით შეიჭრნენ კულტის წევრების დასახლებაში და როგორც სერგეი ტოროპი, ისე მისი ორი თანაშემწე დააპატიმრეს.

The Guardian-ის ცნობით, რუსეთის საგამოძიებო უწყება ტოროპსა და მის თანაშემწეებს უკანონო რელიგიური დაჯგუფების შექმნაში ადანაშაულებს, რომლის საშუალებითაც ისინი ადამიანებს ფულს სძალავდნენ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებდნენ.

დაპატიმრების შემდეგ საკანში გადაყვანილი სერგეი ტოროპი.

ფოტო: Kirill Kukhmar/Tass

სერგეი ტოროპი ადრეულ წლებში საგზაო ოფიცერი იყო, თუმცა 1989 წელს მან სამსახური დაკარგა და როგორც თავად ამბობს, მაშინ "გამოიღვიძა" და საბჭოთა რეჟიმის აღსასრული გააცნობიერა. 1991 წელს მან დააარსა რელიგიური მოძრაობა, რომელიც ძველი აღთქმის ეკლესიის სახელითაა ცნობილი.

ტოროპს ვისარიონს უწოდებენ მისი მიმდევრები და ასეთი მრავლად ჰყავს მას: ციმბირში, კრასნოიარსკის რეგიონში ათასობით მორწმუნე პატარა დასახლებებში ცხოვრობს, რათა მის ქადაგებებს მოუსმინონ. მიმდევრებს შორის არიან როგორც მოქალაქეები მთელი რუსეთიდან, ისე პილიგრიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

"მე ღმერთი არ ვარ და შეცდომაა, იესო ღმერთად აღიქვათ. მაგრამ მე მამა ღმერთის სიტყვით ვცხოვრობ: ყველაფერი, რისი თქმაც მას სურს, ამას ჩემი საშუალებით ახორციელებს" — განაცხადა მან 2002 წელს.

რუსული მედიის ცნობით, ვისარიონი თავდაპირველად თავისი კულტის წევრებს ეუბნებოდა, რომ იესო მათ დედამიწასთან ახლოს მყოფი ორბიტიდან უყურებდა და რუსეთს ქალწული მარიამი მართავდა, თუმცა შემდეგ თავად გამოაცხადა თავი ქრისტედ.

მისი კულტის წევრებისთვის სავალდებულოა მუდმივად მარხვაზე ყოფნა, ფულით ვაჭრობა კი მკაცრად აკრძალულია. ვისარიონის მიმდევრებს ასკეტური სამოსი აცვიათ და წელთაღრიცხვას 1961 წლიდან — მათი ლიდერის დაბადების წლიდან იწყებენ. ამავდროულად შობას 14 იანვარს, მისსავე დაბადების დღეს აღნიშნავენ.

ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა მოხდა ბოლო დროს და რატომ გადაწყვიტა რუსეთის ხელისუფლებამ, რომ ამდენი წლის შემდეგ პირველად ემოქმედა კულტის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამ რელიგიურ ერთობას. როგორც ადგილობრივი მედია წერს, კულტის დასახლებები გარკვეულ ბიზნესინტერესებთან მოვიდა წინააღმდეგობაში და სწორედ ამან გამოიწვია ეს პროცესიც.