დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარის და შანტაჟის შესაწყვეტად, საქართველოს მთავრობას მათ ხელთ არსებული ყველა მექნიზმის გამოყენებისკენ მოუწოდებს. DRI, ამასთანავე, მეარაყიშვილის საკითხის სექტემბრის ბოლოს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე დაყენებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალური მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებასა და ე.წ. სარეზერვო ფონდის შექმნს ითხოვს, რომლის საშუალებითაც განსაკუთრებული საჭიროებისას, ოკუპირებულ და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების დახმარება იქნება შესაძლებელი.

DRI-ში აცხადებენ, რომ თამარ მეარაყიშვილის საკითხის მოგვარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მიმართვის წერილი გაუგზავნეს.

სამ წელზე მეტია, ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების მსხვერპლია. მის წინააღმდეგ მეოთხე წელია გამოძიება აბსურდული ბრალდებით მიმდინარეობს. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო, მეარაყიშვილს წლებია გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს. ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ, მის მონახულებას ოჯახის წევრებიც ვეღარ ახერხებენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თამარ მეარაყიშვილს სოციალურ ქსელში რაიონის პროკურორი ემუქრება. მეარაყიშვილის თქმით, მისთვის სადამსჯელო მექანიზმად პროკურორმა ელექტრო ენერგიის შეწყვეტა გამოიყენა. თამარ მეარაყიშვილს ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიაში აცნობეს, რომ დავალიანება არ აქვს, თუმცა ელექტროენერგია პროკურატურის დავალებით შეუწყვიტეს.

თამარ მეარაყიშვილი ამ ინცინდენტს სამი წლის წინანდელ საქმეს უკავშირებს, სადაც მრიცხველის გაუმართაობის გამო დარიცხული არარეალური დავალიანება ელექტრენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ჩამოაწერეს. სწორედ ამ თემას იყენებს პროკურორი მუქარისთვის. იგი თამარ მეარაყიშილს ქართული მედიისთვის ე.წ. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებს და, აგრეთვე, ქართულ უშიშროებასთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს. სწორედ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევას უკავშირებს დე ფაქტო პროკურორი თამარისთვის ელექტრო ენერგიის დავალიანების მისი შეფასებით, "უკანონო" ჩამოწერას. სამოქალაქო აქტივისტი არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს საკუთარ სოციალური ქსელის გვერდზე და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას ელოდება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ძალისხმევა, დახმარება აღმოუჩინოს თამარ მეარაყიშვილს, რასათანადო და არასაკმარისია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილის საკითხი 2018 წლის შემდეგ არ დამდგარა მხარეთა დღის წესრიგში როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.

გაიგეთ მეტი: