ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ონლაინლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შურაცხყოფის მიყენებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ონლაინლექციაზე მყოფი ერთი სტუდენტის იდენტიფიცირება მათ უკვე შეძლეს.

"მის საკითხზე ფაკულტეტის საბჭო უახლოეს დღეებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც", — ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

თსუ-ში აცხადებენ, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაცია უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდა სამართლებრივი რეგულაციებით იხელმძღვანელებს. ამასთან, ლექციაში მონაწილე პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში შსს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმეს შესაბამის მსვლელობას მისცემს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უცნობი პირები დისტანციური სწავლების დროს სხვადასხვა რეპლიკით ლექტორს შეურაცხყოფას აყენებენ. გავრცელებულ ვიდეოში სახეები დაბრალურია.