ქართული ოცნების სიის მე-3 ნომერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება პედოფილის საბავშვო ბაღის გამგედ დაბრუნებას შეადარა.

"კორუფცია კიდევ სხვა საკითხია. მათ აქვთ უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი, რაც უკავშირდება ადამიანების წამებას, გაუპატიურებას და ა.შ. ამას მხოლოდ პათოლოგიური ადამიანი შეიძლება აკეთებდეს. როგორც არ შეიძლება, მაგალითად, პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასე არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობა დააბრუნო ხელისუფლებაში", — განაცხადა კობახიძემ იმედის ეთერში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. აქამდე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილს იკავებს. ამასთან, ზოგიერთი კვლევით ოპოზიციის ჯამური მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე ქართული ოცნების.

არჩევნები ახალი, 120/30 სისტემით ჩატარდება, რომელიც 120 დეპუტატის პროპორციული სიიდან არჩევას ითვალისწინებს, ხოლო მაჟორიტარული წესით მხოლოდ 30 აირჩევა. ამასთან, ახალი სისტემით დაწეულია საარჩევნო ბარიერიც.