სილქნეტის აბონენტთა ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტში, სადაც 97-მდე თანამშრომელი იყო დასაქმებული, 83 თანამშრომელი გაიფიცა. დღეს მათი ნაწილი სამსახურში დაბრუნდა, ნაწილი კი გამოუცხადებლობის გამო "გათავისუფლდა", თუმცა ისინი პროტესტს აგრძელებენ.

სამუშაო პირობების გაუმჯობესება — ეს მოთხოვნა წაუყენეს გაფიცულმა თანამშრომლებმა სილქნეტს. მათი თქმით, პრობლემა იყო ის მინიმალური მოცემულობა, რომელსაც ყველა დამსაქმებელი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.

On.ge რამდენიმე გათავისუფლებულ თანამშრომელს ესაუბრა, რომლებმაც კონფიდენციალურად დარჩენა ამჯობინეს. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ მთლიანად დეპარტამენს ასეთი პოზიცია აქვს.

ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი, რომელიც სილქნეტში 2017 წლის ივლისიდან მუშაობდა, ჩვენთან საუბრისას ყვება, რომ პირობების გაუარესება მას შემდეგ დაიწყო, რაც სილქნეტმა 4 სხვადასხვა პროდუქტი — ჯეოსელი, გლობალ TV, სილკსატი, Martv ინტერნეტი და ტელევიზია შეიძინა. მისი თქმით, კომპანიის გაფართოებას, თავის მხრივ, მოჰყვა აბონენტების მატება და თანამშრომელთა დატვირთვის ზრდა. თუმცა, როგორც ის ამბობს, გაორმაგებულ საქმეს ისიც დაემატა, რომ თანამშრომელთა რაოდენობა სხვადასხვა მიზეზის გამო შემცირდა.

"3 წლის წინ, ანუ როცა ეს 4 პროდუქტი არ ჰქონდა კომპანიას შეძენილი, ტექნიკურ განყოფილებაში, დაახლოებით, 120-130 ოპერატორი ვმუშაობდით. როცა უკვე გაფიცვაზე დავიწყეთ საუბარი, 97 ვიყავით. ანუ წლების განმავლობაში კომპანიას კადრები აკლდებოდა. სამსახურს ტოვებდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც 6-7 წლის განმავლობაში მუშაობდნენ იქ. წინა თვეში მარტო 7 ოპერატორი წავიდა. ანუ, ერთი თვის განმავლობაში, როცა გადინება გაქვს ასეთი კარგი კადრების, წესით კომპანიამ უნდა იფიქრო, რატომ ხდება ასე და რატომ კარგავ მათ", — ამბობს სილქნეტის ყოფილი თანამშრომელი.

რესპონდენტი კომპანიაში არსებულ სიტუაციას "მონურს" უწოდებს და განმარტავს, რომ თანამშრომლები უბრალოდ დაიღალნენ.

"რაც არ უნდა მოგვეთხოვა, წლების განმავლობაში არაფერი კმაყოფილდებოდა. ვითხოვდით იმას, რომ ზარებს შორის გაზრდილიყო სხვაობა — როცა დავასრულებ აბონენტთან საუბარს, მომენტალურად შემომდის მეორე ზარი. ჩვენ თან ვახდენთ ჩაწერას, რითი მოგვარდა აბონენტთან პრობლემა და ამასაც ვერ ვასწრებდით. ვითხოვდით ამას, რომ სულ რაღაც 3-წამიანი ან 5-წამიანი პაუზა ყოფილიყო. ყველაფერზე აქვთ როგორი პასუხი იცით? კომპანიას არ აქვს ჯერ ამის რესურსი, კომპანია ჯერ ამას ვერ განსაზღვრავს და ასე შემდეგ", — გვიყვება ის.

მეორე რესპონდენტის თქმით კი, გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურში სამუშაო პირობები გაუსაძლისია, კადრების ცვლილება ისეთი სიხშირით ხდებოდა, რომ თანამშრომლები ერთმანეთის გაცნობასაც ვერ ასწრებდნენ.

"კარგი სამსახურიდან, ალბათ, ვინ მიდის საერთოდ, არა? მაგრამ ჩვენს სამსახურში ასე ხდება, რომ ყოველდღე ახალი კადრი მიდის და მოდის სამსახურიდან, გაცნობას ვერ ვასწრებთ ერთმანეთის, ისე იცვლებიან ეს კადრები. ვერავინ ჩერდება და ვერავინ ძლებს, ისეთი ანაზღაურებაა", — ამბობს ის.

გაფიცული თანამშრომლები არსებული ხელფასის 30%-ით ზრდას ითხოვდნენ. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, არც ამ მხრივ შეცვლილა არაფერი. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ხელფასის ხსენებისას კომპანიის რადიკალური პოზიცია იყო, რომ ამას არ განიხილავდნენ. ყოფილი თანამშრომლები ამბობენ იმასაც, რომ სანამ გაფიცვას დაიწყებდნენ, მანამდე სამჯერ მაინც სცადეს ხელმძღვანელობასთან არსებული პირობების გაუმჯობესებაზე საუბარი, თუმცა ამ მხრივ არაფერი იცვლებოდა. მათივე თქმით, კომპანიისგან პასუხები იყო ყოველთვის ძალიან მოკლე და კონკრეტული — "გინდათ იმუშავეთ, არ გინდათ წადით".

On.ge-ს რესპონდენტის თქმით, ეს შეტყობინება ჯგუფის უფროსმა მათ საერთო ჩათში მისწერა.

ფოტო: რესპონდენტის სქრინი

"საბოლოოდ, დაახლოებით 7 სექტემბერი იყო, როდესაც მივწერეთ უკვე ჩვენს უშუალო ხელმძღავნელს, რომ არ გვინდოდა საუბარი და გვსურდა რეალური შედეგის ნახვა. მოვითხოვეთ, რომ რახან ეს სერვისები იზრდებოდა და ყველაფერი გვემატებოდა, მომხდარიყო ხელფასის ზრდა. ამაზეც ერთი პასუხი მივიღეთ, სათითაოდ დაგვირეკეს ჩვენი ჯგუფის უფროსებმა და პირდაპირ მოგვთხოვეს პასუხი: ან კი გვითხარით ან არაო, არანაირი განვრცობითი ტექსტი არ გვჭირდება, გვითხარით რომ ამ ხელფასსზე რჩებით, მუშაობთ და ხმას არ იღებთ, რადგან კომპანია არავითარ შემთხვევაში არ გაგიზრდით ხელფასს, ეს თემა არც განიხილება, აზრიც არა აქვს ამაზე საუბარსო, ან ახლავე დგებით და მიდიხართო", — ამბობს იგი.

On.ge-ს რესპონდენტები ამბობენ, რომ მინიმალური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, გაფიცვა გადაწყვიტეს. მათი თქმით, თავიდან 83 თანამშრომელი გაიფიცა, თუმცა ხელმძღვანელობამ "დაშინებები", "მუქარები" და სხვა სახის "დამამცირებელი" შეტყობინებების გაგზავნა დაიწყო. სილქნეტის უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ იყო ასეთი ხასიათის შეტყობინებებიც: "მეგონა სხვა დონის ადამიანებთან გვქონდა საქმე, მართლა მათრახი ყოფილა საჭირო".

On.ge-ს რესპონდეტის თქმით, მმართველის რგოლის წარმომადგენელმა ეს მესიჯი ერთ-ერთ გაფიცულ თანამშრომელს მისწერა.

ფოტო: რესპონდენტის სქრინი

გაფიცული თანამშრომელი იმასაც იხსენებს, რომ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის შემდეგ, კომპანია მათ საჭირო ინვენტარი არ მისცა და სახლებიდან მუშაობა საკუთარი რესურსებით უწევდათ.

"მე მქონდა მოთხოვნა, რომ არ მაქვს კომპიუტერი და იქნებ წავიღო სამსახურიდან, რაზეც უარი მივიღე. მერე ზოგმა ვითხოვეთ, ზოგმა კრედიტი გააკეთა და ისე გამოიტანა კომპიუტერი. მე ნათხოვარით ვმუშაობდი. უმრავლესობამ, ასე. ჩვენით რომ დავიკმაყოფილეთ ეს მოთხოვნები, მერე გაატანეს ერთ-ორ ადამიანს ტექნიკა", — განაცხადა რესპონდენტმა.

თანამშრომლების ნაწილი სამსახურში დაბრუნდა, თუმცა ნაწილი "გამოუცხადებლობის" საფუძველზე გათავისუფლდა. On.ge დაუკავშირდა სილქნეტის პრესსამსახურს, სადაც გაფიცვის ფაქტი დაგვიდასტურეს, თუმცა დეტალები არ დაგვიზუსტეს და გვითხრეს, რომ ამას გაფიცვის ფორმა ნაკლებად ჰქონდა.

"იყო 80-მდე თანამშრომელი, დაარქვეს ამას გაფიცვა. რაღაც ნაწილი დაუბრუნდა სამუშაოს [...] ვინც არ დაუბრუნდა, მათ მიეცათ გაფრთხილება, შენიშვნა, ვადები, რომ დაბრუნებოდნენ სამუშაოს და ვინც უარი განაცხადა და არ გამოცხადდა, ისინი სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გათავისუფლდნენ", — განაცხადეს პრესსამსახურში.

მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პერიოდი თანამშრომელთა უმრავლესობა გაფიცული იყო, კომპანია მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდა. ეს დაგვიდასტურეს, როგორც სილქნეტის პრესსამსახურში, ასევე, ყოფილმა თანამშრომლებმაც.

"ისე ხდება, რომ კომპანიაში სტაჟიორები ყოველთვის ჰყავთ [...] როდესც ჩვენ 83 გავიფიცეთ, სასწრაფო რეჟიმით დაიწყეს სტაჟიორებმა მუშაობა. ასევე, თუ სადმე, ვინმე შესაძლებელი იყო, რომ გამოჩენილიყო და ემუშავა სილქნეტში, შეკრიბეს ეს ადამიანები და დააწყებინეს სასწრაფო რეჟიმით მუშაობა", — გვიყვება ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი.

სილქნეტის თანამშრომლების გაფიცვას გამოეხმაურა სოლიდარობის ქსელი. მათ განცხადება ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ რეაგირების მიზნით საკითხის შესწავლას იწყებენ.

"ჩვენ პირველ რიგში, მოვუწოდებთ დამსაქმებელს, აწარმოოს დასაქმებულებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები მათ მიერ გაჟღერებული პრობლემების მოგვარების მიზნით", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სილქნეტის 40-მდე თანამშრომელი უკვე გათავისუფლებულია. ისინი ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ.