ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, ბაღდათის რაიონის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

გიგი წერეთლის თქმით, როგორც ამ სოფლებში, ისე მთლიანად რეგიონში, არის მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება, მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა მოგვარებაზეც ადგილობრივი ხელისუფლება არ ფიქრობს. გიგი წერეთლის თქმით, ამ უიმედობისა და უპერსპექტივობის შეცვლას სჭირდება მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ცვლილებები.

"დღეს მთელი დღის განმავლობაში მაქვს შეხვედრები ბაღდათში. რამდენიმე სოფელში ვიყავი, ფერსათში, შუბანში. კიდევ ვაგრძელებ ამ შეხვედრებს და ვხედავ ერთ რამეს, რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მოსახლეობას, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები აქვთ მისაღები ყოველდღიურად, რათა გაუძღვენ საკუთარ ოჯახებს. აქ არის უმუშევრობა, ადამიანებს შემოსავლები პრაქტიკულად არ აქვთ. პენსიითა და მცირე ხელფასით ადამიანები ვერაფრის ყიდვას ახერხებენ, ძალიან ბევრი ადამიანი უცხოეთში არის წასული და ეს დიდი დარდია მათი ოჯახებისათვის და არის უპერსპექტივობის შეგრძნება.

ყველას სურვილია რომ მოხდეს სერიოზული, გარდამტეხი ცვლილებები, რათა ეს სიტუაცია შეიცვალოს როგორც ბაღდათში, ისე იმერეთში და მთელ საქართველოში." — განაცხადა გიგი წერეთელმა.