პანდემიის მიმდინარე ეტაპზე ბევრმა ქვეყანამ შეზღუდვების მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოკეანეებს გადაღმა გადაფრენა უსაფრთხოა. გარეთ უკვე აცივდა, ინფიცირების შემთხვევები სულ უფრო იმატებს და ახლა, როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის შენარჩუნება.

ამ სტატიაში კორონავირუსის შესახებ ის ძირითადი უახლესი ინფორმაციაა, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ.

1. შორეული ფრენები მოგზაურებს ინფიცირებით ემუქრება

ფოტო: Peter Hamlin / AP

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სამსახურის (CDC) მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში შორეული ფრენების დროს ინფიცირების რისკებია გაანალიზებული. როგორც ირკვევა, COVID-19 თვითმფრინავში სავარძლებს შორის რეკომენდირებული დაცილების მიუხედევად მაინც ვრცელდება.

კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული იქნა ერთი ადამიანი, რომელიც პირველ მარტს ლონდონიდან ვიეტნამში მიფრინავდა. ინფიცირებულ ქალს დაავადების მხოლოდ ერთი სიმპტომი აღენიშნებოდა, მაგრამ მან ვირუსი 15 თანამგაზვრს გადასდო. კვლევაში ვკითხულობთ, რომ ინფიცირებული ბიზნეს კლასში იჯდა. მასთან მსხდომი 12 ადამიანი, ეკონომ-კლასის 2 მგზავრი და ფრენის გამყოლი პერსონალი კორონავირუსით დაინფიცირდა.

მკვლევრებს სჯერათ, რომ გადაცემა აეროზოლის ან წვეთების გზით უნდა მომხდარიყო, რადგანაც ფრენის გამყოლმა ბიზნეს-კლასის ტუალეტით ისარგებლა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ დროს ფრენისას პირბადის ტარება სავალდებულო ჯერ კიდევ არ იყო. თვითმფრინავი HEPA-ს ფილტრებით იყო აღჭურვილი და მას აირ-ცირკულაცია შესანიშნავ მდგომარეობაში ჰქონდა. ამის მიუხედავად, COVID-19-ით დაავადებულთან მჭიდროდ, დიდი ხნით ჯდომა ინფიცირებისთვის სრულიად საკმარისი გახლდათ.

სხვა შემთხვევაში ასევე აღწერილი იყო ინციდენტი, როცა მგზავრები პირბადის ტარების პირობებშიც კი დაინფიცირდნენ.

2. CDC კორონავირუსის ჰაეროვან გავრცელებას საბოლოოდ აღიარებს და მოგვიანებით თავის გამოცემულ გაიდლაინს უკანვე გამოიხმობს

ფოტო: Shutterstock

გასულ პარასკევს CDC-მ თავისი გაიდლაინები განაახლა, სადაც აქამდე მრავალგზის მოთხოვნილი ფაქტი აღიარა და აღნიშნა, რომ კორონავირუსს ჰაერით გავრცელებაც შეუძლია. თუმცა, ორშაბათს მათ თავიანთი განახლებული გაიდლაინი უკან გაიწვიეს და განაცხადეს, რომ ეს შეცდომა იყო. ამჟამინდელი რეკომენდაციების თანახმად, კორონავირუსი გარემოში რესპირატორული წვეთებით ვრცელდება. ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე აეროზოლში შეწონილი ნაწილები, რომლებიც ინფიცირებული ადამიანის მიერ დახველების, დაცემინების ან სულაც საუბრის დროს გამოიყოფა.

უკან გამოთხოვილ განახლებაში აღნიშნული იყო, რომ ვირუსი, უბრალოდ, სუნთქვის დროსაც კი შეიძლება გავრცელდეს. იქვე ხაზგასმული იყო, რომ აეროზოლში შემავალ ნაწილაკებს ორ მეტრზე შორსაც შეუძლია გავრცელება და იგი გარემოს ჰაერში გაცილებით დიდი ხნით იქნება შეწონილი. სწორედ ამიტომ, აღნიშნული რეკომენდაცია სიმპტომურ, მაგრამ მსუბუქ პაციენტებს სახლის პირობებში თვითიზოლაციას ურჩევდა.

ამ განახლებამდე CDC ხალხს პირბადის ტარებისკენ, სოციალური დისტანციის დაცვისა და ხელების ხშირი დაბანისკენ მოუწოდებდა. აღნიშნული რეკომენდაციები ამჟამადაც უცვლელია.

მეცნიერებს ჰაეროვანი გავრცელების შესახებ ეჭვი აპრილიდან მოყოლებული აწუხებთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) თავისი რეკომენდაციები უკვე განაახლა და ივლისშივე აღნიშნა, რომ ჰაეროვანი გავრცელება შესაძლებელია. აღნიშნული განახლება CDC-მ თავის გაიდლაინში მაინც არ შეიყვანა.

3. სამედიცინო პერსონალი მზარდი მკვდრადშობადობის გამო წუხს

აკადემიურ გამოცემებში მზარდი მკვდრადშობადობის შესახებ რამდენიმე კვლევა უკვე გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, მარტის მიწურულიდან მოყოლებული, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მკვდრადშობადობის სტატისტიკა 50%-მდე გაიზარდა.

აღნიშნული COVID-19-ის თანამდევ გართულებებს არ უკავშირდება და მისი რეალური მიზეზი ჯანდაცვის გადატვირთულ სფეროში უნდა ვეძებოთ. მას შემდეგ, რაც ჰოსპიტალების უმეტესობამ საკუთარი რესურსი პანდემიასთან ბრძოლისკენ სრულად მიმართა, ორსულობის პერიოდის გეგმიური შემოწმებები მათი ყურადღების მიღმა დარჩა. ამას ამწვავებდა ისიც, რომ ორსულთა უმეტესობა, კორონავირუსით ინფიცირების შიშის გამო, ექიმთან ფიზიკური კონსულტაციისგან თავს იკავებდა.

WHO-ს რეკომენდაციით, ორსულმა მშობიარობამდე 8 გეგმიური შემოწმება უნდა გაიაროს. პანდემიის პირობებში, ფიზიკური კონტაქტების შეზღუდვის გამო, ამ გამოკვლევების უმეტესობა ონლაინ-რეჟიმში გადავიდა. ამის გამო ჯანდაცვის სპეციალისტებს აღარ ჰქონდათ წვდომა პირველადი გასინჯვის ისეთ საშუალებებზე, როგორიცაა არტერიული წნევის გაზომვა და რუტინული ულტრაბგერითი შემოწმება. ორსულობისას ამ საშუალებების გამოყენების ხარჯზე ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობის გართულების რისკების სწორი შეფასება შესაძლებელი იქნებოდა.

მკვლევრების თქმით, პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული მკვდრადშობადობის სტატისტიკა უცვლელი დარჩა, თუმცა, დროთა განმავლობაში მოიკლო იმ მშობიარეთა რაოდენობამ, რომლებიც კლინიკებს მიმართავენ. შესაძლოა, გაურთულებელი ორსულობის შემთხვევაში მეანებმა სახლის პირობებში მშობიარობის რეკომენდაცია გასცენ, აღნიშნულ კვლევაში კი მოყვანილი მონაცემები მხოლოდ კლინიკებშია შეგროვებული. ამის გამო შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მკვდარდშობილთა სტატისტიკურმა პროცენტულმა მაჩვენებელმა მოიმატა, რადგან გართულებების არმქონე ქალები სახლებში მშობიარობენ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ არ მოიპოვება მონაცემები, რომელიც გვეტყოდა, სახლის პირობებში მშობიარობისას მკვდრადშობადობის რა სტატისტიკა არსებობს. ამასთან, კვლევაში ჩართულ ჰოსპიტალებში პაციენტთა ნაკადი განახევრებული გახლდათ. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სწორი პასუხების საპოვნელად ამ მიმართულებით კვლევები კიდევ გასაგრძელებელია.

4. COVID-19-ის რეინფექციისგან ადამიანები მცირე დროით არიან დაცულნი

ფოტო: Samantha Mash / Quanta Magazine

გაციების 35-წლიანმა კვლევამ, შესაძლოა, ამოხსნას ის ფუნდამენტური კითხვები, რომელზე პასუხებსაც მეცნიერები პანდემიის დაწყების დღიდან ეძებენ: შესაძლოა თუ არა კორონავირუსით ორგზის ინფიცირება და რამდენი ხანი ვინარჩუნებთ ვირუსის საწინააღმდეგო დამცველობით იმუნიტეტს?

გასულ ორშაბათს ჟურნალში Nature გამოქვეყნებულ კვლევაში პაციენტთა ანტისხეულების დონე სეზონური კორონავირუსის 4 შტამის მიმართ გახლდათ გაანალიზებული. მეცნიერებს აინტერესებდათ, შესაძლებელია თუ არა ერთი და იმავე შტამით ორგზის ინფიცირება და თუ კი, რამდენი ხანში იქნება ეს შესაძლებელი. კვლევამ რეინფექციის კლინიკურ შემთხვევებს პირველი ინფიცირებიდან 6 თვის თავზე მიაკვლია. ზოგიერთ შემთხვევაში დროის ეს შუალედი 12 თვესაც აღწევდა (თუკი ეს საერთოდაც რეინფექცია იყო).

მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ჩვენი იმუნიტეტიც დაახლოებით მსგავს ტენდენციას იმეორებს. შეიძლება, ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე, სანამ დარწმუნებით ვიტყვით, რომ ორგზის ინფიცირება შესაძლებელია. აქამდე ამის მხოლოდ 1 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მაგრამ რთულია იმის თქმა, რამდენად ჭეშმარიტი რეინფირების შემთხვევებია აღწერილი სხვა კვლევებში.

5. COVID-19-ის "ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნის" მითი სრულად გაცამტვერდა

ვირუსოლოგებმა უკვე რამდენიმე თვეა, რაც იციან, რომ ადამიანებში გამოჩენამდე, SARS-CoV-2 ვირუსი ღამურებში წლების განმავლობაში ცირკულირებდა. ამ სამეცნიერო ფაქტის მიუხედავად, ადამიანთა ნაწილი ვირუსის ჩინეთის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნის შესახებ გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიას დღემდე იზიარებს.

გასულ კვირას ჟურნალში National Geographic გამოქვეყნებული სტატია ამ მითს სრულებით აცამტვერებს. ჟურნალისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პანდემიის დაწყების დღიდან მოყოლებული, მსგავსი ტიპის მისინფორმაციასა თუ დეზინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან.