ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის ზრდასა და მთავრობის უმოქმედობაზე საუბრობს.

ბაქრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვალი ბოლო წლებში უკიდურესად გაიზარდა, ქვეყანაში არ განხორციელებულა დიდი ინფრასტრუქტურტული პროექტი, არ აშენებულა პორტი ან ნავსადგური და რაიმე სტრატეგიული ობიექტი. ბაქრაძის თქმით, ეს თანხა წავიდა კორუფციულ გარიგებებსა და ბიუროკრატების ჯიბეებში.

დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამ ვალის გადახდა მოუწევს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი გადასახადებით. მისი თქმით, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი 31 ოქტომბრის არჩევნები და გარდამტეხი ცვლილებებია.

"ქვეყანაში არ ჩანს არაფერი ხილული, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც ვიტყვით, რომ დაფინანსებულია ამ ვალით, არ აშენებულა ახალი ნავსადგურები და პორტები, არ აშენებულა ახალი ქალაქები, დღემდე დაუსრულებელია ერთი ცენტრალური ავტომაგისტრალი, რომელიც უნდა დასრულებულიყო რამდენიმე წლის წინ. ამიტომ, სად წავიდა ეს თანხა არავინ არ იცის, წავიდა როგორც ჩანს და გადანაწილდა მთავრობის ჯიბეებში, ბიუროკრატიის ხარჯებში, ჯორუფციაში, ფუფუნებაში, ტენდერების "ატკატებში" და ამის ფასი უნდა გადავიხადოთ თითოეულმა ჩვენგანმა.

დღეს, თითოეულ ახალშობილს ამ ქვეყანაში, დაბადებიდანვე აქვს 7500 ლარის ვალი, ამ მთავრობის გამო. ამ მთავრობის მოქმედების გამო, თითოეულ ოჯახს აქვს უზარმაზარი ვალი. არავის არ ეგონოს, რომ ეს ვალი არის სადღაც სხვაგან, არა ეს ვალი უნდა გადაიხადოს მთვარობამ ჩვენი გადახდილი გადასახადებით, ანუ ჩვენ უნდა მოგვაკლდეს რაღაც, ჩვენ უნდა მოგვაკლდეს პენსია, ჩვენ უნდა მოგვაკლდეს სოციალური დახმარება, ჩვენ უნდა მოგვაკლდეს გზა, ჩვენ შვილებს უნდა მოაკლდეს სკოლაში განათლების ხარისხი, ჩვენს მასწავლებლებს უნდა მოაკლდეთ ხელფასი და ამით უნდა გავისტუმროთ ეს ვალი ყველამ ერთად.

მთავრობა, რომელიც საკუთარ თავზე ხარჯავს ამხელა ფულს, ახდევინებს ამის ფასს მოსახლეობას და ამაშია სწორედ ძირითადი პრობლემა, რომ კრიზისიდან გამოსვლის მაგივრად, მთავრობა მოსახლეობის ხარჯზე იღებს კეთილდღეობას და აღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს.

ერთადერთი გამოსავალი გახლავთ 31 ოქტომბრის არჩევნები, გარდამტეხი ცვლილებები და იმ გუნდის მხარდაჭერა, ევროპული საქართველოს სახით, რომელიც მართლაც გარდამტეხი ცვლილებებით შეცვლის იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ჩააყენა ქვეყანა." — განაცხადა დავით ბაქრაძემ.