პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მას ვერ წარმოუდგენია გიორგი ვაშაძის პრემიერობა, რადგან მისი პარტიის — სტრატეგია აღმაშენებელის რეიტინგი პარლამენტში დაბალ წარმომადგენლობაზე მიანიშნებს. ამის შესახებ ოქრუაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.

როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, ყველა პარტიას აქვს უფლება პრემიერობის საკუთარი კანდიდატი დაასახელოს, მაგრამ ვინ უფრო გახდება პრემიერობის კანდიდატი ან პრემიერი, ამაზე საუბარი არჩევნების შემდეგ შეიძლება.

"პარტიების მხრიდან საკუთარი პრემიერმინისტრობის კანდიდატების წარდგენა, მათი გადმოსახედიდან, არის პრაგმატული და სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინონ. თუმცა რეალობას არ უნდა იყოს ეს აცდენილი. გიორგი ვაშაძე როგორ უნდა გახდეს პრემიერმინისტრი, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია. რადგან მისი პარტიის რეიტინგი, პარლამენტში წარმომადგენლობა არ უზრუნველყოფს", — აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას გაცილებით მეტი შანსი აქვს, თუმცა დამოუკიდებლად მთავრობის დაკომპლექტებას ისინიც ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, ოქრუაშვილი ამბობს, რომ კოალიციური მთავრობა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერმინისტრობის კანდიდატი რამდენიმე პარტიას ჰყავს დასახელებული. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკუთარი თავი პრემიერობის კანდიდატად წარადგინა. ქართული ოცნება კანდიდატად კვლავ პრემიერ გიორგი გახარიას ასახელებს. პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მათი პრემიერობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.

ყველაზე დიდი განხილვები გამოიწვია ნაციონალური მოძრაობის მიერ მიხეილ სააკაშვილის წარდგენას. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ევროპული საქართველო აცხადებს, რომ მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.