დე ფაქტო რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგზე აკრძალვა გააუქმა და დასაშვებად ცნო. ადგილობრივი რუსულენოვანი მედიის, გაზეტა ნუჟნაიას ცნობით, დე ფაქტო პრემიერმინისტრმა, ალექსანდრე ანქუაბმა ხელი შესაბამის განკარგულებას გუშინ, 21 სექტემბერს მოაწერა. ამავდროულად, მაინინგ აღჭურვილობის შეტანა დროებით, 2 თვით აკრძალეს.

ამ ეტაპისთვის ოკუპირებულ რეგიონში იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ელექტროენერგიის საფასურს ადგენენ. მედიის ინფორმაციით, ტარიფი 1 კილოვატ საათზე 1,5 რუბლი იქნება.

კრიპტოვალუტის მაინინგი აფხაზეთში 2018 წლიდან აკრძალულია. მაინინგმა აფხაზეთში ელექტროენერგიის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ჰიდროელექტროსადგურ ენგურჰესზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო, რეგიონს მიმდინარე წელს ელექტრო მიწოდება შეეზღუდება. ქართულ და აფხაზურ მხარეს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 60% ქართულ მხარე, 40% კი აფხაზეთი მოიხმარს. თუმცა, ზამთრის პერიოდში აფხაზეთი ელექტროენერგიის 100%–ს მოიხმარდა.

აფხაზეთში ამჟამად გამრიცხველიანების სისტემა არ მოქმედებს. გალის რაიონის მოსახლეობა ბოლო წლებში, დენის მოხმარებისთვის ყოველწლიურად 4 800 რუსულ რუბლს იხდის. კურსის ცვალებადობის მიხედვით, ეს თანხა 200–230 ლარამდე მერყეობს.

ჰიდროელექტროსადგური თავის გამომუშავებულ ელექტროენერგიაში თანხას არ იღებს და მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხა აფხაზურ მხარეს რჩება.

დღესდღეობით, ენგურჰესი ერთადერთი ობიექტია, სადაც ქართველები და აფხაზები შეთანხმებულად მუშაობენ. მისი ინფრასტრუქტურის ნაწილი აფხაზეთის მხარეს, ნაწილი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.