სადაზღვევო კომპანია ალდაგსა და საქართველოს ბანკს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, დღეიდან მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ ბანკის სერვისცენტრებს საქართველოს მასშტაბით და შეიძინონ რამდენიმე სახის დაზღვევა, მათ შორის, ყველაზე მოთხოვნადი — ავტოდაზღვევა.

სერვისცენტრებშივე ხელმისაწვდომია სხვა პირისადმი საგზაო პასუხისმგებლობისა და მოგზაურობის დაზღვევებიც.

ალდაგის ავტოდაზღვევა ითვალისწინებს ყველა გავრცელებული რისკისგან დაზღვევას — შეჯახება, ქურდობა, ძარცვა, ე.წ. „დამხვდა დაზიანებული“ შემთხვევები და სხვა. ავტოდაზღვევის მიღება მომხმარებელს პოლისის დადასტურების შემდეგ, სერვისცენტრშივე შეუძლია. ალდაგი ინდივიდუალური მიდგომით ხელმძღვანელობს და ხანგრძლივი გამოცდილების მქონე მძღოლებს განსაკუთრებულ ფასს სთავაზობს.

მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა (მპპდ) — ეს არის პროდუქტი, რომელიც მძღოლს სხვისი ავტომობილის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში იცავს ფინანსური დანაკარგებისგან. მპპდ ისეთ შემთხვევებს ანაზღაურებს, როდესაც დაზღვეული მძღოლის მიზეზით დაზიანებას მესამე პირი იღებს, იქნება ეს კერძო პირი, თუ სახელმწიფო ქონება.

მოგზაურობის დაზღვევა — ამ პროდუქტის მიღება დღეში 1 ლარად არის შესაძლებელი და ისეთი რისკებისგან დაზღვევას გულისხმობს, როგორებიცაა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია, რეისის გადადება და ა.შ.

საქართველოს ბანკის სერვისცენტრები მთელ საქართველოშია ხელმისაწვდომი. დაზღვევის შეძენას კი რამდენიმე წუთი სჭირდება.