საქართველოს რკინიგზის განცხადებით, სამგზავრო მატარებლები ზოგიერთ მაგისტრალზე შეფერხებით მოძრაობს. შეფერხების მიზეზი ელექტროსაკონტაქტო ქსელის დაზიანებამ გამოიწვია.

"მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორმა კომპანიამ, ჩინეთის 23 ბიურომ ელექტროსაკონტაქტო ქსელის ანძა დააზიანა, რამაც საქართველოს რკინიგზის მოძრაობა შეაფერხა. ამ დროისათვის დროებით გაჩერებულია მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დაახლოებით 13 საათისთვის განახლდება მოძრაობა", — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც On.ge-ს საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, შეფერხება იყო თბილისი-ბათუმის, თბილისი-ოზურგეთის, თბილისი-ზუგდიდის, თბილისი-ფოთის და თბილისი-ქუთაისის მიმართულებით. მათივე თქმით, ამჟამად უკვე აღდგენილია ბათუმი-თბილისი, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ფოთი და ფოთი-თბილისი, ხოლო თბილისი-ზუგდიდი და თბილისი-ოზურგეთი უახლოეს წუთებში დაიძრება.