პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართულმა ოცნებამ რეალური ძალაუფლება ხალხს დაუბრუნა. მისივე თქმით, დემოკრატიული რეფორმების გატარებაც სწორედ ივანიშვილის ლიდერობით გახდა შესაძლებელი.

"სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გახდა შესაძლებელი, რომ რეალური ძალაუფლება დაუბრუნდათ ადამიანებს, დაუბრუნდა ხალხს და ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტები მართავს. ქართული ოცნების ხელისუფლების ყურადღების ცენტრში არის ადამიანი, მისი უფლებები და მისი ღირსება", — განაცხადა თალაკვაძემ საჩხერეში მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენის დროს.

ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობენ როგორც ევროპარლამენტარები, ისე კონგრესმენები. ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი კრიტიკულ წერილებში აღნიშნავდა, რომ ივანიშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობა შეაჩერა, რითაც რუსეთის ინტერესები გაითვალისწინა. ამასთან, ევროპარლამენტარების ნაწილი ქვეყანაში პოლიტპატიმრების დევნის შეჩერებას და ამ დრომდე მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას დამფუძნებლის გათავისუფლებას მოითხოვს.

ბრალდებების საპასუხოდ ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ კონგრესმენებიც და ევროპარლამენტარებიც შეცდომაში არიან შეყვანილი. ამასთან, ისინი ამტკიცებენ, რომ ოპოზიციონერების ლობისტებიც აქტიურად მუშაობენ.