სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში სტუმრობისას იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც პარტიას გასულ წელს უკვე შემუშავებული ჰქონდა და ყურადღება სპეციალურად დასავლეთ საქართველოსთვის შექმნილ ერთ-ერთ კონცეფციაზე — დრაივ მუზეუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

"ჩვენი მიზანია, რომ სწორედ ქუთაისი იყოს დასავლეთ საქართველოს განვითარების ავანგარდში და ეს განვითარება მოიტანოს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ გვაქვს თერთმეტი პროექტი წარმოდგენილი, რომლებიც შექმნილია ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად. თამთა გაბრიჩიძემ სპეციალურად დასავლეთ საქართველოსთვის შექმნა საოცარი კონცეფცია — დრაივ მუზეუმი მედეა. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი ისტორია გავხადოთ ერთის მხრივ ხელმისაწვდომი და გასაგები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მეორე მხრივ, მსოფლიოს გავაცნოთ რა წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიოს ცივილიზაციაში. მუზეუმი მედეა — ეს იქნება მულტიფუნქციური სპორტული არენა, სადაც დასავლეთ საქართველო უმასპინძლებს დიდ საერთაშორისო ტურნირებს. ეს ნიშნავს მეტ ტურისტს, მეტ ეკონომიკას, მეტ სამუშაო ადგილს", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.