ევექსი ჰოსპიტლებმა ქობულეთსა და ფოთში კორონავირუსით ინფიცირებული პირების სამკურნალოდ დამატებით ორ ჰოსპიტალში 110 საწოლი გამოყო.

19 სექტემბრიდან ქობულეთის ჰოსპიტალმა კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მიღება უკვე დაიწყო. მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, 53 მედპერსონალი ერთდროულად 70 ინფიცირებული პაციენტის მართვას უზრუნველყოფს.

21 სექტემბრიდან კი კოვიდ-ინფექციის მართვაში 40-მდე მედპერსონალით დაკომპლექტებული და 40 საწოლზე გაშლილი ფოთის ჰოსპიტალი ჩაერთო. კოვიდ-ცენტრებად გადაკეთებული ორივე ჰოსპიტალი ინფექციური პროფილით საჭირო, გამართულ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს, სადაც საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ინფიცირებული პაციენტებისთვის იქნება შესაძლებელი გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურებების გაწევა. ჰოსპიტლების სამედიცინო პერსონალი სარეზერვო გუნდებად დაკომპლექტდა და სამკურნალო პროცესში ისინი მონაცვლეობით ჩაერთვებიან.

დღეის მდგომარეობით, ევექსი ჰოსპიტლების მიერ კოვიდ-პაციენტების სამართავად თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში ჯამში 250 საწოლი გამოიყო. ეს არის ევექსი ჰოსპიტლების მიერ სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში საწოლფონდის გამოყოფის რიგით მეორე ეტაპი. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მომატებული Covid 19-ის შემთხვევებთან დაკავშირებით კორპორაციამ საქართველოს მასშტაბით 700-მდე საწოლის გამოყოფის მზაობა გამოთქვა.