ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ამბობს, რომ ეკლესია მხარს ყოველთვის არსებულ ხელისუფლებას უჭერს. მთავარ არხთან საუბარში მიტროპოლიტი აცხადებს, რომ როდესაც "ოპოზიცია მოვა პოზიციაში", ისინი მათთანაც იქნებიან.

"როდესაც ოპოზიციაც მოვა პოზიციაში, ჩვენ, ასევე, ვიქნებით მასთან. ეკლესია ყოველთვის უჭერს არსებულ ხელისუფლებას მხარს. ვინც არ უნდა მოვიდეს კიდევ ხელისუფლებაში, პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია. თუკი ექნებათ ჩვენთან თბილი დამოკიდებულება და არ იუკადრისებენ ჩვენთან ურთიერთობას, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მათთან. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ჯერ კიდევ არ მოსულა ხელისუფლებაში და უკვე მტრული განწყობა აქვს ეკლესიისადმი", — განაცხადა მეუფე ანტონმა.

ბოლო პერიოდში საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებს ესწრებიან. ერთ-ერთ ღონისძიებას იმერეთში, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს ესწრებოდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. მეუფის მტკიცებით, მისი იქ ყოფნა მხარდაჭერას არ ნიშნავს და ის ხელისუფლებას მიაგებს პატივს.