ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლების 8-წლიანმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა ჭაობამდე, ხოლო კორონაკრიზისის არაეფექტიანმა მართვამ კიდევ უფრო დაამძიმა ეს მდგომარეობა.

"ქართული ოცნების 8-წლიანმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ დაასუსტა ლარი და ეკონომიკა. ეს მდგომარეობა ჩვენ გვქონდა კორონაკრიზისის დაწყებამდეც, ხოლო ამ კრიზისმა კიდევ უფრო გააღრმავა ეს მდგომარეობა" — აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, ამ მდგომარეობის შეცვლა გარხდამტეხი პოლიტიკური ცვლილებების გარეშე შეუძლებელია.

"ამრიგად, გარდამტეხი ცვლილებების გარეშე ამ მდგომარეობის გამოსწორება, ლარის გამყარება ისე, რომ ეს შემდეგში ფასებზე არ გადავიდეს და ჩვენ მოქალაქეებს არ დაარტყას ჯიბეზე, შეუძლებელი იქნება. გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილება უნდა მოხდეს 31 ოქტომბერს. ამის შემდეგ უკვე კოალიციურმა მთავრობამ უნდა დაიწყოს გარდამტეხი ეკონომიკური ცვლილებები, რათა ეკონომიკა გაიზარდოს, ლარი და ფასები დასტაბილურდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. ეს არის გამოსავალი. ქართულმა ოცნებამ, თვითონ, კორონაკრიზისის პირობებში, იმაზე მეტი ზიანი მიაყენა ეკონომიკას, ვიდრე ეს სჭირდებოდა ჩვენი ჯანდაცვის ამოცანებს, შესაბამისად, კორონაკრიზისამდე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა", — განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.