თბილისსა და ქუთაისში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი იქმნება, რომელიც მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფციის ფარგლებში იხსნება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2021 წლის განმავლობაში ცენტრი საპილოტე რეჟიმში იმუშავებს და მომსახურებას გაუწევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს.

ცენტრის მომსახურების მიზანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და მათი ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია ბავშვზე მორგებულ გარემოში.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, ცენტრი ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც მსოფლიოში ბარნაჰუსის მოდელის სახელით არის ცნობილი.

"ცენტრის იდეაა, ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახუროს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ეს გულისხმობს იმას, რომ იმავე სივრცეში, სადაც ხდება მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, ბავშვის გამოკითხვა იქნება ეს თუ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია", — განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.