ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა ნაციონალურ მოძრაობასა და პარტიის ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა გეწაძეს აკრიტიკებს. მისი თქმით, გეწაძე "რიჟას" პარტნიორიო, რომლის "შეთითხნილი ბრალდებითაც" ის დააკავეს.

"ესაა თქვენი "ადგილობრივი გენერალი"? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები, ამას ვერ უთხარით უარი? კახა გეწაძე — politician? თქვენ რა, ქვეყანა ჩალით გგონიათ დახურული?! ეს კაცი დღემდე რიჟას პარტნიორია, უფრო ზუსტად ხელის ბიჭი, (არ მოგესმათ! იმ რიჟასი, შეთითხნილი სპეცოპერაციით ივანიშვილს ჩემი თავი რომ დააჭერინა თქვენი პარტიის დაფინანსების ბრალდებით). იყო ყველაზე სამარცხვინო გამგებელი ზესტაფონში და ოლქის სხვა რაიონებს მისი არსებობა ან არ გაუგიათ ან ამბობენ — კიდევ კარგი ეს არ იყო ჩვენი გამგებელიო", — წერს უგულავა.

მისივე თქმით, ამოცანა ასეთი ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს და არა მაჟორიტარად დაყენება. უგულავა ასევე აცხადებს, რომ გეწაძის გიგი წერეთლის კონკურენტად დაყენება "ნამდვილი ქოცობაა" და მას 2013 წლის შემდეგ არანაირ ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა.

"ეს პერსონა არის პოლიტიკაში "მოჩალიჩე" ტიპაჟი, მარტო ფული და გამორჩენა რომ ადარდებს. აბა კარგად მოიკითხეთ 2013 წლის მერე სადმე რამე ბრძოლაში თუ გაუელვია. ასეთი ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს ამოცანა, არათუ მაჟორიტარად დაყენება. აი ესაა ზუსტად ქოცობა, როცა გგონია რომ ჯოხს ჩაარჭობ და ამომრჩეველი მაინც პარტიის ნომერს შემოხაზავს. ესაა სწორედ ამომრჩევლის აბუჩად აგდება, როცა ენმ გიგი წერეთელს რიჟას ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად და ამას ამომრჩევლის მოთხოვნად ასაღებს. კახა გეწაძესთან შედარებით ზაზა გოროზიაც კი ბარუხ სპინოზაა", — წერს გიგი უგულავა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიცია თბილისში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა, თუმცა რეგიონებში მათ დამოუკიდებელი მაჟორიტარები წარადგინეს.