საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელი მიდგომა შეცვალა და დღეს ამტკიცებს, რომ ის და მისი პარტია "ინკლუზიური" მთავრობის მომხრე არიან. ეს განცხადება მან მას შემდეგ გაავრცელა, რაც ოპოზიციამ გააკრიტიკა იმის გამო, რომ "კოალიციური" მთავრობა არ სურდა.

"არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური", — დაწერა სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

აქვე სააკაშვილი, რომელმაც გუშინ ოპოზიციიას "პარტიუკები" უწოდა ურჩევს მათ, რომ "ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით" არ დააზიანონ ერთმანეთის ინტერესები და ერთ მიზანზე კონცენტრირდნენ. მისი განმარტებით, ნაციონალური მოძრაობა მაქსიმალური რაოდენობის ხმების მოსაპოვებლად იბრძვის და ეს გასაკვირი არ არის, რადგან მისი შეთავაზება ოპოზიციის ერთიან სიაზე არ მიიღეს.

"ამასთან, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება ნაციონალური მოძრაობის და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხადასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ", — წერს ის.

გუშინ, 20 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ ის მხოლოდ საზოგადოების კოალიციას ხედავს და პარტიულს არა. მისი თქმით "პოლიტიკური პარტიების და პარტიუკების" საერთოდ არ სჯერა. სააკაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობას ან ნაციონალური მოძრაობა აიღებს ან საქართველო "დაიღუპება". ამასთან, ჟურნალისტის კითხვას: "აქვს თუ არა ამომრჩეველს მხოლოდ ორი არჩევანი, თქვენ ან ბიძინა ივანიშვილი?" ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ასეა და ეს ყველამ კარგად იცის.

სააკაშვილის ამ განცხადების პასუხად ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს არ აინტერესებს ივანიშვილის მარცხი, თუ ერთპიროვნულად არ მოვა ხელისუფლებაში. გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ სააკაშვილს ივანიშვილის მარცხი იმაზე მეტად არ სურს, ვიდრე ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდება.