მინსკი აქციის მიმდინარეობისას 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინიტროს სპიკერმა, ოლგა ჩემოდანოვამ რუსულ გამოცემა TASS-ს განუცხადა.

"10-ზე მეტი ადამიანია დაკავებული მინსკში. ხალხი უნებართვო მიტინგებში იღებს მონაწილეობას და არარეგისტრირებულ სიმბოლიკას იყენებს", — განაცხადა ჩემოდანოვამ.

მისი თქმით, მათ ხალხი დილიდანვე გააფრთხილეს, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ ქუჩებში გამოსვლას, მათ გადაკეტვას და საცობის შექმნას. ეს ქმედება კი, ჩემოდანოვას თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით აქციები 9 აგვისტოს დაიწყო. აქციები საპრეზიდენტო არჩვენების შედეგებს მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავდა, ათასობით ადამიანი კი პოლიციამ დააკავა. საპროტესტო აქციების დროს სამი ადამიანი გარდაიცვალა. ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება.