საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი მხოლოდ საზოგადოების კოალიციას ხედავს, ხოლო პარტიულ კოალიციას — არა. ამის შესახებ სააკაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების, საერთოდ არ მჯერა ზოგადად პოლიტიკანობისა და პოლიტიკოსობის ვიწრო გაგებით", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ან ნაციონალური მოძრაობა აიღებს უმრავლესობას, ან საქართველო დაიღუპება. იგი, ასევე, ამბობს, რომ მათი გამარჯვების შემდეგ იქნება "ფართო საზოგადოებრივი ინტერესებით წარმოდგენილი მთავრობა", სადაც შეიძლება სხვა პარტიებიც იყოს. ამასთან, ჟურნალისტის კითხვას: "აქვს თუ არა ამომრჩეველს მხოლოდ ორი არჩევანი, თქვენ ან ბიძინა ივანიშვილი?" ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ასეა და ეს ყველამ კარგად იცის.

ოპოზიციური პარტიები გეგმავდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მინიმუმ, თბილისში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები წარედგინათ. ერთიან კანდიდატზე შეთანხმება თბილისში, მეტწილად, მოხერხდა. ზოგიერთ რაიონში ერთმანეთს კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებენ.

განსხვავებული ვითარებაა ისანში, სადაც ოპოზიციის კანდიდატი გიორგი ვაშაძეა, თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ ვაშაძეს კონკურენტი, ხატია დეკანოიძე დაუყენა. ოპოზიცია ერთიან კანდიდატებზე საერთოდ ვერ შეთანხმდა რეგიონებში.

ამასთან, 7 სექტემბერს ნაციონალურმა მოძრაობამ და ძალა ერთობაშიამ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს. გიორგი ვაშაძე კი მთავრობის მეთაურად საკუთარ თავს მოიაზრებს. რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, მათ კანდიდატი არ დაუსახელებიათ, თუმცა მიხეილ სააკაშვილს მხარს არ უჭერენ.