პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, დავით ფურცხვანიძე, ვინც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს ე.წ. სატელიტის კადრები მიაწოდა, მათი წარმომავლობის წყაროს ვერ ასახელებს. დავით ფურცხვანიძე უკვე რამდენიმე საათია მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.

როგორც პროკურორი განმარტავს, ფურცხვანიძის პასუხი ზოგადია და არც იმ ქვეყანას და არც პიროვნებას ასახელებს, ვისგანაც შეიძლება ფოტო მიეღო.

"საუბარი იყო რამდენიმე კომპანიაზე, თუმცა, როდესაც ჩვენ ჩავეძიეთ და კონკრეტულად მოვითხოვეთ, რომელი კომპანიისგან მიიღო ინფორმაცია, დავით ფურცხვანიძე იწყებს გაურკვეველი კომპანიების დასახელებას, რომელიც შესაძლებელია, ასევე იყოს კავშირში ამ კომპანიასთან. ამიტომ ვერ ასახელებს, რომელი შეიძლება იყოს ინფორმაციის გამცემი", — განაცხადა გუმბერიძემ.

8 სექტემბერს მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა სატელიტის ფოტო და განაცხადა, რომ ის ადასტურებდა, რომ გარდაცვლილის მანქანა 19-20 ივლისს ტყეში არ იდგა. მომდევნო დღეებში პროგრამისტმა, უჩა აბაშიძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ფოტო ყალბია და შესაძლოა, გამყალბებლის მიზანი ადვოკატის დისკრედიტაცია ან საქმის მსვლელობისთვის ხელის შეშლა იყო.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მიხეილ რამიშვილი ამბობდა, რომ არ დაასახელებდა ფოტოს წყაროს, სანამ პროკურატურის დასკვნა არ გახდებოდა ცნობილი. 18 სექტემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ ექსპერტიზის დასკვნით ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია. მათი თქმით, ამაზე სამართლებრივი რეაგირება ექნებათ.

ამის შემდეგ რამიშვილმა დაასახელა წყარო, რომელიც დავით ფურცხვანიძე აღმოჩნდა.

თვითონ ფურცხვანიძე ამტკიცებს, რომ ფოტო ავთენტურია და ის ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, რომლის ვინაობასაც ტელევიზიით ვერ დაასახელებს. გამიკითხვაზე შესვლის წინ ის ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ პროკურორი ყველა კითხვას უპასუხებდა, მათ შორის წყაროსთან დაკავშირებით.

ვინ არის დავით ფურცხვანიძე

მითების დეტექტორის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გამოსცა წიგნი "ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი". მათივე ცნობით, დავით ფურცხვანიძე არის ანალიტიკური სააგენტო უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი და მის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია სპუტნიკ ტვ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა.

მითების დეტექტორი წერს, რომ ფურცხვანიძეს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის და გორჩაკოვის ფონდის გამართულ მრგვალ მაგიდაში. 2018 წელს კი ის პრორუსულ გამოცემა საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ სკრიპალები ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს, ამასთანავე აცხადებდა, რომ დასავლეთი საქართველოს პატრიარქის მცდელობებს ბლოკავს, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ისახავს მიზნად.