ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ წარსულზე საუბარი არ უყყვარს, თუმცა მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახსენა.

"მინდა გავიხსენო წლები, როდესაც მართლაც მარტივი არ იყო დამდგარიყავი სიმართლის მხარეს, არ იყო მარტივი დაგეფიქსირებინა შენი განსხვავებული მოსაზრება, დაგეფიქსირებინა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. ეს ძალიან მძიმე და ძალიან რთული იყო. თუ როგორ გამოვიარეთ ეს, მე მგონი ყველამ კარგად ვიცით. საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკშვილის რეჟიმი არ შეხებოდა", — განაცხადა კალაძემ სამტრედიაში.

კახა კალაძე ქართული ოცნების ლიდერებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია ყოფილი ხელისუფლების კრიტიკისას. წინა ხელისუფლებაზე ის განსაკუთრებით აქტიურად საუბრობს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. აქტიური კრიტიკა კალაძემ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა პირველად წარადგინეს რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატები. მაშინ მან პირდაპირ თქვა, რომ ყოფილ ხელისუფლებაზე საუბარი სურდა:

"მე მინდა ცოტა უკან დავბრუნდე. ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ამაზე საუბარი, მაგრამ აუცილებლად მომიწევს შევეხო 2012 წელს. ზუსტად 2012 წელს ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი და მოიპოვა თავისუფლება".

ეს რიტორიკა მან შემდგომში სხვდასხვა რეგიონში განავრცო. მაგალითად, დუშეთში კანდიდატის წარდგენისას განაცხადა:

"თქვენ ჯერ კიდევ მაშინ იდექით ჩვენს გვერდში, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ძალადობა და სწორედ ერთად დგომით, ერთად ბრძოლით, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანაში დავაბრუნეთ მშვიდობა, თავისუფლება".

მსგავსი შინაარსის განცხადებები გააჟღერა მან შუახევში კანდიდატის წარდგენის დროსაც:

"ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავდა ქვეყანაში ძალადობისა და ტერორის დასრულებას, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას".

განსაკუთრებით მწვავე იყო ის ყოფილი ხელისუფლების მიმართ გარდაბანში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას:

"ჩვენმა ერთობამ, ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებას დამნაშავე, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაშორა. რეჟიმი, რომელიც ამცირებდა, კლავდა, ატერორებდა ადამიანებს და უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ნაბიჯებით ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეყავდა, რაც ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის".

აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე მაჟორიტარების წარდგენისას პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ წარსულზე საუბარი არ სურთ და მხოლოდ მომავალზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, მაშინ, როცა იმავე ტრიბუნიდან კალაძე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს განიხილავდა.

გაიგეთ მეტი: გახარია VS კალაძე — საუბრები მომავალსა და წარსულზე