ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი, ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, წინასაარჩევნოდ აქტიურად ახორციელებენ მოსყიდვას, საჯარო მოხელეები პარტიულ საქმიანობაში ერთვებიან და ხელისუფლების მიერ დაქირავებული სხვადასხვა ზონდერ-ჯგუფი ოპონენტების საარჩევნო პლაკატების შეზღუდვას ცდილობს მათი ჩამოხევით.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ამგვარი ზეწოლა, ორმაგი სტანდარტი და ადამიანების იგნორირება უნდა დასრულდეს, რასაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

"2020 წლის საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ნათლად ჩანს, რომ ქართული ოცნება ისევ ნაცადი ხერხებით — ძალადობა, ამომრჩევლებზე ზეწოლა, დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება — ცდილობს ფონს გასვლას", — აღნიშნა თარხნიშვილმა.

მან ზოგიერთ ფაქტზეც ისაუბრა:

  • თამარ კანდელაკი ოცნების აგიტატორი — ე.წ. უფასო წამლების აქციაში მონაწილეთა სიაში შესატან ადამიანებს ახარისხებდა პარტიული სიმპატიების მიხედვით და ოპოზიციის მომხრეებს ემუქრებოდა, რომ თუ აზრს არ შეიცვლიდნენ ვეღარ მიიღებდნენ კუთვნილ მედიკამენტებს;
  • ქ. გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებიდან ჩამოხეული იქნა ევროპული საქართველოს და მისი მაჟორიტარი კანდიდატის პლაკატები. მიზეზად დასახელდა, რომ ეს არის სარეკლამო სივრცე და მასზე მხოლოდ შესაბამისი რეკლამის განთავსებაა შესაძლებელი, თუმცა ამავე დროს დასუფთავების სამსახურმა ხელი არ ახლო ქართული ოცნების კანდიდატის პლაკატს
  • ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული აიპები აქტიურად ეწევიან ქართული ოცნების და მისი კანდიდატის აგიტაციას. მაგალითად ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ბლანკი, რომლითაც ამპუტანთა საფეხბურთო კლუბი მმართველი პარტიის დავალებით აგროვებს მომხრეების პირად მონაცემებს.

"უნდა აღვნიშნოთ, რომ ნახსენები დარღვევებიდან განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ბოლო, როდესაც არამარტო ირღვევა კანონი, არამედ კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხები გამოიყენება ასევე სახელმწიფო ფულით და თანამდებობით გამდიდრებული ადამიანის საარჩევნო კამპანიისთვის.

სწორედ ესაა ქართული ოცნების სახე — ადამიანების იგნორირება, მოპარული ფული, გამდიდრებული ბიუროკრატები, სახელმწიფო რესურსის ხარჯვა, ზეწოლა და ორმაგი სტანდარტი. ეს უნდა დასრულდეს! გარდამტეხი ცვლილებების დროა. ევროპული საქართველო იქნება", — განაცხადა თარხნიშვილმა.