რუსეთში, ხაბაროვსკის მოსახლეობა მეთერთმეტე კვირაა ყოფილი გუბერნაგტორის, სერგი ფურგალის მხარდასაჭერ არასანქცირებულ აქციას მართავს.

მომიტინგეები მთავრობის შენობის წინ შეიკრიბნენ. როგორც გამოცემა Meduza წერს, აქციის დროს ქალაქის მთავრობამ მოედანზე კლასიკური მუსიკის აუდიოკონცერტი მოაწყო, რომელიც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დაბადებიდან 250 წლისთავს ეძღვნება. თუმცა ბეთჰოვენი დეკემბერში დაიბადა.

საპროტესტო აქციაზე ევროპის ჰიმნიც ისმოდა.

"არ ვიცით ვის მოუვიდა თავში ბეთჰოვენის მუსიკით მიტინგი ჩაეშალათ, მაგრამ ამ ადამიანის გენიალობას საზღვარი არ აქვს", — წერს ხაბაროვსკში ნავალნის შტაბი.

დემონსტრანტებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც სკანდირებდნენ "20 წელია ნდობა არაა!", "ხაბაროვსკო, გამოდი", "პუტინ გადადექი".

სერგეი ფურგალის მხარდასაჭერი აქციები ხაბაროვსკში 11 ივლისის შემდეგ იმართება. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ ხაბაროვსკში ფურგალის ღია სასამართლო პროცესი ჩატარდეს, რადგან შიშობენ, რომ მოსკოვში პროცესი უსამართლო იქნება.

სერგეი ფურგალი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი დაამარცხა. მას 2004-2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად. დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ ფურგალი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.