ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დამკვირვებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში ცვლილებების შეტანის დროს ვენეციის კომისიის დასკვნა გაითვალისწინონ.

საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე PACE-ს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლატიანმა (რუმინეთი) და კლაუდ კერნმა (საფრანგეთი) უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით გაამახვილეს ყურადღება. მათი თქმით, აქამდეც არაერთხელ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაეთვალისწინებინათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რათა აღმოფხვრილიყო ხარვეზები.

"ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების სურვილს შეიტანონ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში და ხაზს ვუსვამთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების მნიშვნელობას, რათა უზრუნველყონ საზოგადოების ნდობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში — და, ბოლოს, ამ უმნიშვნელოვანესი ინსტუტუტის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის დასკვნა შემოთავაზებულ შესწორებებზე, სანამ მას დაამტკიცებენ", — განაცხადა ორივე თანამომხსენებელმა.

ისინი საქართველოს შესახებ მომდევნო ანგარიშის წარდგენას 2021 წლის დასაწყისში აპირებენ.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება. მიაჩნიათ, რომ ცვლილებები არაფუნდამენტურია და ხარვეზები აქვს მოსამართლეების ასარჩევ კენჭისყრასა და კენჭისყრის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

გაიგეთ მეტი: