რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას მორაგბის, რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის საქმეზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. უწყება ბესელიას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას ედავება და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

"სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მასრები და ტყვიის გარსის ფრაგმენტები", — აცხადებენ უწყებაში.

ბესელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მორაგბეს 16 სექტემბერს ესროლა. როგორც ხარაზიშვილი ამბობს, ბესელია ამ დროს ნასვამ მდგომარეობაში იყო. მისივე თქმით, ვიცე-პრეზიდენტთან მანამდე დაპირისპირება არ ჰქონია და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საუბრის დროს ბესელიამ "კონტრკითხვაზე პასუხი ვერ გასცა".

გაიგეთ მეტი: