მოქალაქე დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტის ფოტოები თავად მიაწოდა. ფურცხვანიძის თქმით, ის ანალიტიკური სააგენტოს ხელმძღვანელია და ფოტოები შემთხვევით არ ჩავარდნია ხელში. როგორც ის აღნიშნავს, ეს იყო კონკრეტული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც თავად ატარებს, თუმცა არა ბაჩალიაშვილის საქმეზე — "უფრო დიდ საქმეზე, რომელიც დიდ ფინანსური მაქინაციებს უკავშირდება".

ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ფოტოები ყალბია, დასაბუთება სჭირდება. ფურცხვანიძის თქმით, პროკურატურა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურა, უნდა იყოს მზად, რომ როგორმე მოიპოვოს სატელიტური ფოტოები და დადოს.

"სიტყვიერად ნათქვამს, რომ გაყალბებულია და რაღაც ექსპერტიზის დასკვნას დავუდებ საპირისპირო დასკვნას. მე წარმოვადგინე ერთი მასალა. სულ მცირე, ეს არის არაკორექტული ფორმულირება, რომ გაყალბებულია, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვიკვლევთ — ფოტოების ხარისხსა და წარმომავლობის ნამდვილობას, თუ იყო თუ არა მანქანა იქ. თუ აქ პრიორიტეტებს დავალაგებთ, ყველაფერი ცხადი გახდება", — განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება ექნებათ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.

"ვინაიდან სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება", — აცხადებენ უწყებაში.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, ამ ეტაპზე ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბარი არაა და იგეგმება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

8 სექტემბერს რამიშვილმა განაცხადა, რომ სატელიტის კადრებით დგინდება, რომ 19-20 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ავტობანთან ახლოს, მინდორზე, ანუ იქ, სადაც იგი იპოვეს, არ იდგა.