ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა. როგორც კომისიაში აცხადებენ, დოკუმენტი პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად მომზადდა.

შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით.

ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვებს საარჩევნო უბანს.

ამომრჩევლისგან განსხვავებით, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას. როგორც ცესკოში აცხადებენ, ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.