ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ რა გავლენას ახდენს COVID-19-ის პანდემია ჯანდაცვის პროგრესზე გლობალურად. იგი მოვლენათა განვითარების საუკეთესო და ყველაზე უარეს სცენარებსაც წარმოგვიდგენს.

გასულ წლებში აღნიშნულმა ფონდმა მსოფლიოს პროგრესის შემაფერხებელი პრობლემები გამოკვეთა და ისინი გაეროს წინაშე წარადგინა. გეიტსების ფონდის მიერ გაწერილ გეგმაში შედიოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა 2030 წლისთვის გლობალურად განათლების დონის აწევა, ვაქცინაციის მაჩვენებლის გაუმჯობესება და სიღატაკის აღმოფხვრა. წლევანდელი ანგარიშიდან ნათელია, რომ სიტუაცია ყველა მიმართულებით საოცრად გაუარესებულია.

"პანდემიამ უთანასწორობა ყველა მიმართულებით გააღრმავა", — აღნიშნა ბილ გეიტსმა.

როგორც წესი, მსგავსი ანგარიში გასული წლის მონაცემებს აგროვებს და მას აანალიზებს, თუმცა პანდემიის გამო გეიტსების ფონდი შეეცადა, უშუალოდ მიმდინარე პროცესებს ჩაღრმავებოდა. ანგარიშში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი კატასტროფულად არის შემცირებული და იგი 90-იანი წლების სტატისტიკას უტოლდება. ამასთან, 2020 წლის ბოლოსთვის იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დღეში ორ დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს, 7%-ით გაიზრდება: ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ში პირველი შემთხვევა იქნება, როცა სიღატაკის დონე მოიმატებს.

ანგარიშში ასევე წარმოდგენილია აშშ-ის ჩრდილოაღმოსავლური უნივერსიტეტის კვლევა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუკი ვაქცინები მსოფლიოს მასშტაბით თანასწორად განაწილდება, სიკვდილიანობის 61%-ის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება. ხოლო თუკი ვაქცინები ჯერ ყველაზე მდიდარ ქვეყნებს დაურიგდება, მაშინ თავიდან აცილებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 33% იქნება.

გეიტსების ფონდი პირველადი ჯანდაცვის წინაშე არსებული მიზნების მისაღწევად, ძირითადად, საშუალო შემოსავლების მქონე აზიურ და აფრიკულ ქვეყნებზე ფოკუსირდება. ამ ქვეყნებში პანდემიამ აშშ-სთან და ევროპასთან შედარებით უფრო ცოტა ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ ეკონომიკური დარტყმა მათზე უფრო მეტად აისახება, რადგანაც ისინი შესაბამის მარაგებს არ ფლობენ.

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური დარტყმა ყველაზე მეტად დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მცხოვრებ ახალგაზრდა ქალებზე აისახა. ისინი კვლევაში მოყვანილი 37 მილიონი ადამიანის უმეტესობას შეადგენენ და ბოლო 6 თვის განმავლობაში მათ სიღარიბიდან სიღატაკეში გადაინაცვლეს. დასავლეთ აფრიკაში, ებოლას ეპიდემიის შემდგომ, 2014 წელს ჩატარებული კვლევა მიანიშნებს, რომ ახალგაზრდა ქალების უმეტესობა პანდემიის დასრულების შემდეგ, ბიჭებისგან განსხვავებით, სკოლას ვერ დაუბრუნდება.

ანგარიში ასევე გვთავაზობს პანდემიის შემდგომი განვითარების ორ სცენარს. საუკეთესო შემთხვევაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუციის დაწყება 2021 წლის შუისთვის არის მოსალოდნელი. თუ ვაქცინა მთელ მსოფლიოში განაწილდება და პანდემია დასასრულს მიუახლოვდება, კიდევ რამდენიმე წელი იქნება საჭირო, რათა მსოფლიოს ჯანდაცვა 2020 წლის ნიშნულებს დაუბრუნდეს.

მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, მსოფლიო ჯანდაცვა ამ დარტყმისგან ათწლეულების განმვალობაში ვერ გამოვა. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევიან ქვეყნები და კომპანიები უახლოესი თვეების განმავლობაში.

გლობალური პრობლემის გადაჭრის ეროვნული გზა არ არსებობს

ნაწყეტი ანგარიშიდან

ანგარიშის მიხედვით, აშშ პანდემიას მოუმზადებელი შეხვდა, რის მაგალითადაც ბილ გეიტსს დიაგნოსტიკური ტესტერების შექმნისა და წარმოების პროცესი მოჰყავს. თუმცა, ფარმაცევტული კომპანიების ინოვაციური მიგნებები და ტექნოლოგიური სიძლიერე მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

"პანდემია რომ 10 წლით ადრე გამოჩენილიყო, მაშინდელი ინტერნეტკავშირი საოფისე საქმის დისტანციურად გაკეთების შესაძლებლობას არ მოგვცემდა და ვაქცინების შესაქმნელი პლატფორმები ასე წინ წასული არ იქნებოდა", — აღნიშნა მან National Geographic-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.