ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წვერმა, სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრს უთხრა, რომ მართალია ის რეალობას იმდენად მოწყვეტილი არ არის, რომ "ივანიშვილების ოჯახის მსგავსად, Tik-Tok-ის ვიდეოებით" ერთობოდეს, მაგრამ მაინც არანაკლებ მოწყვეტილია.

"მე მგონი, თვითონაც არ გჯერათ იმ სულელური ზღაპრების, რომელსაც პარლამენტის ტრიბუნიდან აკადრებთ ქართველ ხალხს [...] თავი რომ მოგაქვთ აქ თქვენი ეკონომიკური პროგრამებით, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს საქართველოში 7%-ია მხოლოდ საშუალო ფენა", — განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, როცა თურნავა "ბედავს" და ტრიბუნიდან ამბობს, რომ მისთვის წინა ხელისუფლების რიგებში ყოფნა "უხერხული" იყო, ხოლო ამ ხელისუფლების წევრობით იგი "ამაყობს", მას არა მხოლოდ მორალური, ასევე პროფესიული კომპასი აქვს "დაშლილი და გაფუჭებული".

"წინა ხელისუფლების პირობებში, საშუალო ეკომინიკური ყველაზე მაღალი ზრდა იყო 12%, განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომლის პირობებშიც 5% იყო ამ ქვეყნის ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი", — თქვა სამადაშვილმა.

დღეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა პარლამენტში ინტერპელაციის წესით ევროპულმა საქართველომ დაიბარა. იგი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.