მართალია, კორონავირუსის პანდემიის გამო მრავალ კინო თუ სატელევიზიო პროექტზე მუშაობა შეჩერდა, თუმცა გრეი სლოუნის კლინიკა ამ დაბრკოლებასაც გაუმკლავდა და მალე საკულტო სამედიცინო სერიალის Grey's Anatomy მეჩვიდმეტე სეზონს ვიხილავთ.

როგორც ამ გახმაურებული სატელევიზიო შოუს მწარმოებელმა ტელეარხმა ABC-მ დააანონსა, ერთგული მაყურებლები მათი საყვარელი პერსონაჟების ისტორიის გაგრძელების ხილვას 12 ნოემბრიდან შეძლებენ.

სერიალის შემქმნელებმა ეს სასიხარულო ამბავი კიდევ ერთი სიურპრიზით დააანონსეს: ამავე დღეს შედგება სერიალის Station 19 მეოთხე სეზონის პრემიერა, რომელიც გრეის ანატომიის სპინოფ სერიალია: იმავე დროსა და სამყაროში ვითარდება, ოღონდ მისი სიუჟეტი მეხანძრეების შესახებ მოგვითხრობს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ Station 19-ის ეპიზოდი გავა პირდაპირ ეთერში, შემდეგ კი გრეის ანატომიის ორსაათიანი სერია, სადაც, თუ გავრცელებული თიზერებით ვიმსჯელებთ, ამ ორ შოუს სიუჟეტური კვეთაც კი ექნება.

ჯერ კიდევ ივლისში გახდა ცნობილი, რომ გრეის ანატომიის ახალ სეზონში კორონავირუსის პანდემიას შეეხებოდნენ და იმ მძიმე ისტორიების შესახებ მოგვითხრობდნენ, რომელთა გამოვლაც ბოლო თვეების განმავლობაში უამრავ ადამიანს მთელ მსოფლიოში მოუწია.

შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია 12 ნოემბერს დაველოდოთ და წინასწარ შევემზადოთ, ამჯერად რომელ პერსონაჟთან დამშვიდობება და ტრაგიკულად გამოტირება მოგვიწევს.

ფოტო: ABC