პროკურატურაში აცხადებენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება ექნებათ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.

"ვინაიდან სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება", — აცხადებენ უწყებაში.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, ამ ეტაპზე ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბარი არაა და იგეგმება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

8 სექტემბერს რამიშვილმა განაცხადა, რომ სატელიტის კადრებით დგინდება, რომ 19-20 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ავტობანთან ახლოს, მინდორზე, ანუ იქ, სადაც იგი იპოვეს, არ იდგა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, რამიშვილმა უარი განაცხადა ეთქვა, რომელ კომპანიას ეკუთვნის ფოტოები და ვინ მიაწოდა ფოტოსურათები.