ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხასდებით, ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა არის "ჩაფლავებული ქართული ოცნების გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრი". ევროპულმა საქართველომ თურნავა დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარა. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

"ევროპული საქართველოს გუნდმა დღეს პარლამენტში დაიბარა ეკონომიკის მინისტრი, მასთან გვაქვს კონკრეტული კითხვები. ჩვენი კითხვები ეხება მის მენეჯმენტს და იმ ჩავარდნილ ზომებს, რომლებიც მათ მიიღებს კოვიდთან დაკავშირებით და შეიწირეს ეკონომიკა, ასევე იმ დილემას, რის წინაშეც აღმოვჩნდით დღეს ყველანი, რომ ერთი მხრივ, ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურებულია და მეორე მხრივ, გვაქვს მატება ინფიცირებული ადამიანების", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ კითხვები შეეხება იმ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ შეიყვანა ქვეყანა".

"ჩვენი კითხვები ეხება იმ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს, რომელშიც ამ ჩაფლავებულმა გუნდმა შეიყვანა ქვეყანა. სწორედ დღეს გამოჩნდება, მათ შორის, რატომ უნდა შეიცვალოს ქართული ოცნება, ეს ჩაფლავებული გუნდი და რატომ უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას წაიყვანს წინ და არ ამყოფებს ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც დღეს ჩვენ ვართ", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, ქართული ოცნების არასწორმა მენეჯმენტმა ერთმხრივ ქვეყანა მიიყვანა ეკონომიკურ კრიზისამდე და მეორე მხრივ, ეპიდსიტუაცია გაუარესდა.