პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი სატელიტის ფოტოები დამონტაჟებულია და ყალბი. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

8 სექტემბერს რამიშვილმა განაცხადა, რომ სატელიტის კადრებით დგინდება, რომ 19-20 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ავტობანთან ახლოს, მინდორზე, ანუ იქ, სადაც იგი იპოვეს, არ იდგა.

როგორც პროკურატურაშ აცხადებენ, რამიშვილმა უარი განაცხადა ეთქვა, რომელ კომპანიას ეკუთვნის ფოტოები და ვინ მიაწოდა ფოტოსურათები.

ექსპერტიზის თანახმად, წარმოდგენილ პირველ ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი — "2020 Jul 19", ჩატარებული ვიზუალური და გამოთვლითი კვლევების შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რაც გამოიხატა შემდეგში: ზედა მარცხენა კუთხეში არსებული მცირედ გამჭვირვალე ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან, კერძოდ, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე.

ასევე, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან. ასევე როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები დატანილია სხვა ფოტოსურათიდან. მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის

აღმნიშვნელი მონაცემი "2020 Jul 22", ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება, ასევე ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც სტანდარტულად რაიმე ვებგვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და იგი შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსად პირველი ფოტოსი, აღნიშნული ფოტოსურათიც მიღებულია მონტაჟის გზით.

"ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებაში განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში", — აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, რაზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.