მსახიობმა ბრაიან კრენსტონმა სერიალში Breaking Bad საკულტო პერსონაჟის — უოლტერ უაითის განსახირებით ემის ექვსი ჯილდო მოიპოვა დრამატულ სერიალში კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

Breaking Bad 2013 წელს დასრულდა და ბრაიან კრენსტონს მას შემდეგ მთავარი (ანტი)გმირის როლი აღარ მოურგია: მხოლოდ მეორეხარისხოვან ან ეპიზოდურ როლებს ასრულებდა. აი, შვიდი წლის შემდეგ კი ახალი სერიალი Your Honor გამოვა, რომელშიც მილიონობით მაყურებლის ეს საყვარელი მსახიობი კვლავ დაძაბული კრიმინალური ისტორიის ეპიცენტრში აღმოჩნდება.

სულ ახლახანს გამოსული ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოა, რომ კრენსტონის მიერ მოპოვებული ემის ჯილდოების რაოდენობა მალე გაიზარდოს:

სერიალი Your Honor ნიუ ორლეანის პატივცემული მოსამართლის მაიკლ დესიატოს თავსდამტყდარ ისტორიაზე მოგვითხრობს, რომლის როლსაც სწორედ კრენსტონი ასრულებს: მოსამართლის თინეიჯერი შვილი ადამი შემთხვევით ვიღაცას მოკლავს, მოსამართლე მამამისი კი ამ დანაშაულის დაფარვას და თავისი შვილის დაცვას ეცდება.

თუმცა ეს ყველაფერი სულ უფრო საშიში და შეუძლებელი ხდება, როცა კრენსტონის პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ მისი შვილის მსხვერპლი ცნობილი კრიმინალური ოჯახის წევრია — ამ ოჯახის ლიდერის როლს კი მაიკლ სტულბარგი ასრულებს.

ეს დამაინტრიგებელი სატელევიზიო შოუ Showtime-სთვის გადაიღეს ბრიტანული სერიალის Criminal Justice-ის შემქმნელმა პიტერ მოფატმა და The Good Wife-ის პროდიუსერებმა რობერტ და მიშელ კინგებმა.

Your Honor-ს ათი ეპიზოდი ექნება და ერთგულ მაყურებლებს ბრაიან კრენსტონის ახალი ქარიზმატული გმირის გაცნობა დეკემბერში შეეძლება: სწორედ მაშინაა დაგეგმილი სერიალის პრემიერა.