პროკურატურის განცხადებით, სასამართლო ექსპერტიზისა და საქმის მასალების დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტური ინტოქსიკაცია უნდა იყოს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება. ამასთან, ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე.

"თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით", — აცხადებენ პროკურატურაში.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.