ღირსეული პარტნიორი 2020-ის დახურვაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოს სამაგალითო პარტნიორია და ხაზი გაუსვა ქართველი ჯარისკაცების მნიშვნელოვან როლს.

"თანამშრომლობის ნათელი სიმბოლოა, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა განაგრძობს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას. ქართველმა ჯარისკაცებმა, არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის საიმედო მეგობარი და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად", — განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ნატო დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში.

"ჩვენი მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა, შეიტანს წვლილს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

გლობალური პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია",— განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს წევრ ქვეყნებს ეფექტიანი და დინამიური თანამშრომლობისათვის და ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისათვის.

ღირსეული პარტნიორი 2020 7-8 სექტემბერს გაიხსნა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობდა.

"ძალა პარტნიორობაშია" — ამ მთავარი გზავნილით მრავალეროვნულ სწავლებას საქართველომ უკვე მეხუთედ უმასპინძლა.

წვრთნაში საქართველოს, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა.