გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში გიორგი რურუა ნახსენები საერთოდ არაა.

"არ მინახავს ამ სახელის [გიორგი რურუას] ხსენება არც ევროპარლამენტის რეზოლუციაში და არც სხვა დაკავშირებულ ტექსტებში", — განაცხადა ქნირშმა.

მსგავსი კომენტარი გერმანიის ელჩს ადრეც გაუკეთებია. ის ამბობდა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა.

ოპოზიციიის შეფასებით, გიორგი რურუა პოლიტპატიმარია, რომელიც 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აცხადებენ, რურუას გათავისუფლება, სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. აღნიშნულ შეთანხმებას უარყოფენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ სასამართლოს სისტემაზე გავლენას ვერ იქონიებენ. მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა, რურუა პატიმრობაში დატოვა.