ახალი კვლევის მიხედვით, ვიკინგები იმაზე ნაირგვარი ხალხი იყო, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა. როგორც აღმოჩნდა, ვიკინგების იმპერია გენეტიკურად სხვადასხვა ჯგუფისგან შედგებოდა, რომლებიც მთელ სკანდინავიაში იყვნენ გავრცელებულნი. ზოგიერთი მათგანი სამხრეთ ევროპულ და აზიურ გენებსაც კი შეიცავდა.

6 წლის განმავლობაში მკვლევრებმა 442 ვიკინგის გენომი შეისწავლეს და ვიკინგების პოპულაციის გენეტიკურ წარმომავლობას მოჰფინეს ნათელი.

"ჩვენ დავადგინეთ, რომ ვიკინგები მხოლოდ სკანდინავიური წარმოშობის არ ყოფილან. ძალიან ბევრ ვიკინგს გენომში დიდი ოდენობით არასკანდინავიელი წინაპრების გენები ჰქონდა", — განაცხადა კვლევის ავტორმა მარტინ სიკორამ.

მონაცემების უფრო დეტალურად განხილვამ გამოამჟღავნა, რომ ვიკინგების სხვადასხვა პოპულაცია ევროპის განსხვავებულ რეგიონებს უტევდა: ნორვეგიელი ვიკინგები, ძირითადად, ირლანდიას, შოტლანდიას, ისლანდიას და გრენლანდიას ლაშქრავდნენ, შვედი ვიკინგები — ბალტიის ქვეყნებს, ხოლო დანიელი ვიკინგები ინგლისს სტუმრობდნენ.

მკვლევრებმა, ასევე, ისეთი ვიკინგების არსებობის კვალიც იპოვეს, რომლებსაც სკანდინავიელი წინაპრები საერთოდ არ ჰყოლია. მაგალითად, ორი ინდივიდი, რომელიც ვიკინგების სასაფლაოზეა დაკრძალული, გენეტიკურად თანამედროვე ირლანდიურ და შოტლანდიურ პოპულაციებთან იყვნენ ახლოს. ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ ევროპული კულტურები იმაზე მეტად იყვნენ ასიმილირებულნი ვიკინგებთან, ვიდრე აქამდე გვეგონა.

ასევე გაირკვა, რომ, დიდი ალბათობით, ვიკინგები ვიზუალურად იმაზე ბევრად განსხვავებულები იყვნენ, ვიდრე ეს თანამედროვე კულტურაშია გავრცელებული. მკვლევართა თქმით, ძალიან ბევრ ვიკინგს ყავისფერი თმა ჰქონდა, რაც არასკანდინავიური გენების შერევით იყო გამოწვეული.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.