საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შეზღუდვების ამოქმედებამდე მცირე ხნით ადრე საკუთარ აქტივობებში საჯარო რესურსი გამოიყენა. საიას ცნობით, გასული წლების მსგავსად, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან (ლელო და პატრიოტთა ალიანსი) ამჯერადაც დაფიქსირდა.

საიას ანგარიშის თანახმად, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან გამოვლინდა შემდეგი:

  • სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 5 შემთხვევა (მათ შორის, COVID-19-ის შედეგების აღმოფხვრის ანტიკრიზისული გეგმა);
  • ამომრჩევლის მოსყიდვისა და სავარაუდო მოსყიდვის 5 შემთხვევა;
  • ძალადობრივი ქმედებების, დაძაბული არჩევნებისწინა გარემოს შექმნისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლის 6 შემთხვევა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით პრობლემური სახელმწიფოს მხრიდან პანდემიით გამოწვეული კრიზის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები აღმოჩნდა, რაც რიგ შემთხვევებში, კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმებოდა.

მათივე ინფორმაციით, წინა არჩევნების მსგავსად, საიას სადამკვირვებლო მისიისთვის ძალადობრივი ქმედებისა და არჩევნებისწინა პერიოდში დაძაბული გარემოს შექმნის რამდენიმე ფაქტი გახდა ცნობილი. მაგალითად, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს (ლელო, მოძრაობა ხალხისთვის) არჩევნებისწინა აქტივობების გამართვის საშუალება არ მიეცათ, რამაც ისედაც დაძაბული გარემო, კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა.

საიას ცნობით, სხვა ფაქტები შეეხებოდა:

  • ისეთ შემოწირულობას, რომლის კანონიერებაზეც კითხვები არსებობს;
  • პარტიის რეგისტრაციას;
  • არჩევნებით მანიპულირებას;
  • პარტიების პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას.

წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით — თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შუალედური ანგარიში 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს ფარავს. მასში მოცემულია ანალიზი გამოვლენილ დარღვევებზე ან ისეთ ქმედებებზე, რომელიც თავისთავად კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ცუდი პრაქტიკაა.

ანგარიში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.